* დონალდ ტრამპი -
„ჩვენ მხოლოდ გვეჩვენება, რომ ცივილურები ვართ. სინამდვილეში, სამყარო სასტიკი, ადამიანები კი, დაუნდობლები არიან, რადგან მაშინაც თქვენს განადგურებას ცდილობენ, როცა მეგობრულად გიღიმიან“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა - სკანდალურმა პოლიტიკოსმა და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთმა ყველაზე რეალურმა კანდიდატმა, რომელსაც ზედმეტად მობერებული ბაიდენის ფონზე, ამერიკელების დიდ ნაწილი ერთადერთ გადარჩენად მიიჩნევს.
ექსტრავაგანტურმა მილიარდერმა, რომელიც ძალიან უყვართ რესპუბლიკელებს, დემოკრატებს კი, პირიქით, საშინლად სძულთ, პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე გაითქვა სახელი. ტრამპი ხშირად სტუმრობდა ტელეშოუებს და მონაწილეობდა ფილმებში, აშენებდა ცათამბჯენებს და სამორინეებს, იძენდა მდიდრულ სასტუმროებს, კომპანიებს და არქმევდა მათ საკუთარ, ბრენდად ქცეულ სახელს, რომლითაც ყოველთვის ძალიან ამაყობდა. მართალია, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი „ძველი დიდებულების“ დაბრუნებას შეჰპირდა ამერიკელებს, მაგრამ მხოლოდ ერთი საპრეზიდენტო ვადით შეჩერდა თეთრ სახლში და პრობლემებით, საპროტესტო გამოსვლებით უფრო დაამახსოვრა თავი ამერიკელებს, ვიდრე აღორძინებით.
რამდენიმე დღის წინ ქალაქ ბატლერში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოწყობილ შეხვედარზე დონალდ ტრამპზე თავდასხმა განხორციელდა. მართალია, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსმა მხოლოდ მსუბუქად დაჭრა პოლიტიკოსი, მაგრამ დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, ორი კი, მძიმედ დაშავდა. ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს მტკიცებით, პენსილვანიაში განხორციელებული თავდასხმა ტრამპის ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად, ექსპერტები კი, დარწმუნებული არიან, რომ ტერორისტულმა აქტმა ვადაზე ადრე გადაწყვიტა არჩევნები ტრამპის სასარგებლოდ.
* * *
დონალდ ჯონ ტრამპი 1946 წლის 14 ივნისს დაიბადა ნიუ-იორკში უძრავი ქონების მაგნატის ფრედ ტრამპის ოჯახში. დონალდი ყოველთვის ძალიან ამაყობდა საკუთარი გვარით, რომელიც თავიდან „ტრუმპფი“ იყო და გერმანულდ „კოზირს“ ნიშნავდა, ამერიკულ ყაიდაზე კი, მისმა ბაბუამ გადააკეთა ევროპიდან ემიგრირებისა და 1892 წელს ამერიკის მოქალაქეობის მიღების შემდეგ. დონალდის ბებია - ელისაბედ ტრამპი არა მხოლოდ საზრიანი ქალბატონი, არამედ მოხერხებული მეწარმეც აღმოჩნდა, რადგან მეუღლის გარდაცვალების და ადრე დაქვრივების შემდეგ, სწორედ მან შექმნა 1950-იან წლებში, 18 წლის ვაჟიშვილთან ერთად სამშენებლო კომპანია Е. Trump & Son, როცა ომისშემდგომ ამერიკაში ნამდვილი ბუმი დაიწყო უძრავი ქონების ბაზარზე.
* * *
5 წლის დონალდი მშობლებმა პრესტიჟულ კერძო სასწავლებელში - ფორესტ-ჰილის სკოლაში მიაბარეს, სადაც ოჯახის მეგობრის, გავლენინი ბიზნესმენის პიტერ ბრანტის შვილს პიტერ-უმცროსს დაუმეგობრდა. მოზარდებს, რომელთაც სწრაფად შეიძინეს თავნება ურჩების რეპუტაცია, ერთნაირად არ მოსწონდათ სწავლა, თუმცა წარმატებით მონაწილეობდნენ სპორტულ შეჯიბრებებსა და ღონისძიებებში.
13 წლის დონალდი, რომლის მართვა შეუძლებელი აღმოჩნდა, მშობლებმა სამხედრო აკადემიაში გაამწესეს, საიდანაც ჯერ ფორდჰემის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში გადაინაცვლა, მერე კი, პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნესის სკოლაში ჩააბარა, რომელიც 1968 წელს დაამთავრა ეკონომისტის ხარისხით ფინანსებში სპეციალიზაციით. ვიეტნმის ომის პერიოდში ჯარში სამსახურს ტრამპმა ჯერ სტუდენტის სტატუსის, მერე არადამაკმაყოფილებელი სამედიცინო მონაცემების წყალობით დააღწია თავი.
* * *
ტრამპმა ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას აუღო ალღო მამის კომპანიაში მუშაობას, რომელიც ნიუ-იორკის საშუალო სოციალური ფენის მოსახლეობას უზრუნველყოფდა ახალაშენებული ბინებით, სწავლის დასრულების შემდეგ კი, ოფიციალურად გახდა ოჯახური ბიზნესის ნაწილი. მართალია, ფრედ ტრამპს უფროსი ვაჟიც ჰყავდა, მაგრამ სწორედ დონალდი გახდა მისი მემკვიდრე, რადგან ფრედი-უმცროსმა უარი თქვა მამის საქმის გაგრძელებაზე და პილოტობა მოინდომა, თუმცა ადრეულ ასაკში ალკოჰოლზე დამოკიდებული 43 წლისა გარდაიცვალა. სწორედ ძმის შემხედვარე დაფრთხა დონალდი, რომელმაც სამუდამოდ თქვა უარი ალკოჰოლსა და თამბაქოზე, თუმცა ძალიან უყვარს ამერიკის მთავარ სიმბოლოებად ქცეული ჰამბურგერი და კოკა-კოლა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიაში მუშაობის დაწყებამდე დონალდმა მცირე კრედიტი - 1 მილიონი დოლარი მიიღო მამისგან ბიზნესის განვითარებისთვის, 1970-იანი წლების დასაწყისში კი, კომპანიის პრეზიდენტის პოსტი ჩაიბარა, მაშინ როცა მამა, მხოლოდ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობდა. ახლად გამომცხვარმა პრეზიდენტმა პირველ რიგში სახელი შეუცვალა კომპანიას და The Trump Organization დაარქვა. ამავე სახელით საქმიანობს კომპანია დღესაც.
* * *
ტრამპის ხელმძღვანელობით კომპანიამ, რომელიც მანამდე მხოლოდ ბრუკლინსა და ქუინსში საცხოვრებელი სახლების მშენებლობით კმაყოფილდებოდა, 1980 წელს მანჰეტენზე გადაინაცვლა და მასშტაბური რეკონსტრუქცია ჩაუტარა დანგრევის პირას მისულ „კომოდორს“, რომელიც ფეშენებელურ სასტუმროდ - Grand Hyatt New York-ად აქცია. თუმცა, უძრავი ქონების მაგნატის ყველაზე ცნობილ ობიექტად და ნამდვილ სიამაყედ მაინც 68-სართულიანი Trump Tower იქცა მეხუთე ავენიუზე, რომელიც 1983 წელს აშენდა და სასტუმრო, საოფისე სივრცეები და ძვირადღირებული საცხოვრებელი ბინები გააერთიანა.
1980-იანი წლებისთვის გიგანტური კოშკი სწრაფად იქცა ნიუ-იორკის მთავარ ღირსშესანიშნაობად, რაც მასკულტურაშიც აისახა. Trump Tower არა მხოლოდ GTA-ს სერიის თამაშებში, არამედ ფილმებში „ბნელ რაინდსა“ და „ტრანსფორმერებშიც“ გამოჩნდა.
* * *
Trump Tower, სადაც მოგვიანებით ტრამპმა ჯერ პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების, მერე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ უწყა ამერიკელებს, სწრაფად იქცა ერთგვარ ბრენდად და მეტად შემოსავლიან ბიზნესად, რადგან რამდენიმე წელიწადში ტრამპის სახელი სხვადასხვა შენობამ, დაწესებულებამ და საწარმომ შეიძინა - ნიუ-იორკის Trump Place-სა და Trump World Tower-ით დაწყებული, ჩიკაგოს Trump International Hotel and Tower-ით დასრულებული. მეტიც, ტრამპის კოშკები აშენდა მუმბაიში, სტამბოლსა და მანილაში.
საკუთარი გვარის ექსპლუატირებით ბიზნესმენმა მთელი 9,5 მილიონი დოლარი იშოვა, რადგან ოფიციალური მონაცემებით ტრამპის სახელი არა მხოლოდ მსოფლიოს 400-მდე კომერციული ორგანიზაციის, არამედ მამაკაცის პარფიუმის, ალკოჰოლური, ენერგეტიკული სასმელისა და პოპულარულ სამაგიდო თამაშის სახელშიც ფიგურირებს.
* * *
1980-იან წლებში ტრამპმა ჯერ მანჰეტენის ცნობილი სასტუმრო „პლაზა“ შეიძინა, მერე მარ-ა-ლაგოს მამული პალმ-ბიჩზე, რომელიც სრულად გაარემონტა და კერძო კლუბად აქცია რესპექტაბელური პუბლიკისთვის. მართალია, 1980-იანი წლების ბოლოს ტრამპმა ჰოტელ-კაზინო გახსნა ატლანტიკ-სითიში, მაგრამ აზარტულმა თამაშებმა როგორც ბიზნესის ერთ-ერთმა მიმართულებამ არ გაამართლა. მეტიც, 1990-იანი წლების მეორე ნახევარში სრულად გაკოტრდა მისი ოთხი სამორინე.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალ Time-ის გარეკანზე ბიზნესმენი პირველად 1989 წელს მოხვდა, როცა Forbes-მა 1,5 მილიარდ დოლარად შეაფასა მისი ქონება. ტრამპის შემოსავლის წყაროდ იქცა პუბლიცისტიკაც. წიგნებში „გარიგების ხელოვნება“, „როგორ გახდე მდიდარი“ და „ამერიკა, როგორსაც ჩვენ ვიმსახურებთ“, მილიარდერმა ბიზნესზე საკუთარი წარმოდგენა გააცნო მკითხველს და რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მისცა ახალბედა მეწარმეებს.
* * *
უძრავი ქონების ბაზარზე დამკვიდრების შემდეგ ტრამპმა გართობის ინდუსტრიაში შექმნა საკუთარი იმპერია. 1996-2015 წლებში სწორედ მის საკუთრებაში ირიცხებოდა კომპანია Miss Universe Organization, რომელიც სილამაზის კონკურსების „მის სამყაროს“, „მის ამერიკის“ და „მის მოზარდი ამერიკის“ ლიცენზიას ფლობდა. 1999 წელს მილიარდერმა სამოდელო სააგენტო Trump Model Management შექმნა, რომელიც მის საყვარელ პროექტად იქცა, რადგან სწორედ იქ გაიცნო სამივე მეუღლე.
* * *
2004 წელს ბიზნესმენმა პროდიუსერის და წამყვანის ამპლუაში მოსინჯა საკუთარი თავი და მეტად ორიგინალური ტელეპროექტი „კანდიდატი“ წამოიწყო, რომლის მონაწილეები ერთმანეთს ეცილებოდნენ მისი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი პოსტის დაკავებაში. ტრამპს მთელი 14 სეზონი მიჰყავდა გადაცემა ჩვეული ექსტრავაგანტურობით, შემოსავლების დეკლარაციაში კი, მიუთითა, რომ შოუს არსებობის მანძილზე საერთო ჯამში მთელი 213 მილიონით შეავსო საკუთარი ბიუჯეტი.
გართობის ინდუსტრიაში გაშინაურებულმა ტრამპმა არც კინოზე თქვა უარი და 15-მდე ფილმში შეასრულა ეპიზოდური ან კამეო-როლი. რომანტიკულ ფანტასტიკაში „მოჩვენებები ასე არ იქცევიან“ ბიზნესმენმა რეჟისორის ჯონ დერეკის თხოვნით შეასრულა ეპიზოდური როლი, კომედიაში „მარტო სახლში 2“ კი, რომელიც პირველი ნაწილის წარმატების წყალობით, მეორე ნაწილი გამოსვლამდე ჩაითვალა გაქირავების ლიდერად, თვითონ მოინდომა მონაწილეობა, მით უფრო, რომ ერთ-ერთ ეპიზოდის გადაღება მის კუთვნილ „პლაზაში“ მოეწყო.
* * *
2015 წლის ივნისის თვეში მილიარდერმა ოფიციალურად წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე და აქტიურად ჩაება საარჩევნო კამპანიაში. აღსანიშნავია, რომ ტრამპი იმ იშვიათ პოლიტიკოსთა რიცხვს მიეკუთნება, ვისაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე არც პოლიტიკური, არც სახელმწიფო პოსტზე საქმიანობის გამოცდილება არ ჰქონდა.
საკუთარი საარჩევნო კამპანია ტრამპმა პოპულისტურ სლოგანზე „ვაქციოთ ამერიკა ისევ დიადად“ (Make America Great Again, MAGA) ააგო და ჯერ პოლიტკორექტულობაზე თქვა უარი, მერე არალეგალ ემიგრანტებს გამოუცხადა ომი, ამერიკელებს კი, გადასახადების შემცირებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეჰპირდა. საარჩევნო კამპანიის სკანდალურ დაპირებად იქცა კედლის აშენება მექსიკის საზღვარზეც, რამაც ამერიკელების არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა. მრავალრიცხოვანი სკანდალებისა და სერიოზული კონკურენციის მიუხედავად, რომელიც ჰილარი კლინტონმა გაუწია, ტრამპმა მაინც შეძლო არჩევნებში გამარჯვება.
* * *
შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, რომელიც 2017-2021 წლებში ედგა ქვეყანას სათავეში მეტად წინააღმდეგობრივი მმართველობით დაამახსოვრა თავი ამერიკელებს, რადგან მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო დაპირებების შესრულება. მის წარმატებად იქცა სასამართლო სისტემის რეფორმა და შეერთებული შტატების კოსმოსური ძალების შექმნა, მარცხად კი, ექსპერტებმა რასიზმის გაღვივება და პანდემიის კრიზისის გამწვავება ჩაუთვალეს, რადგან არასათანადოდ შეაფასა COVID-19-ის ეპიდემია, ექსტრემალური ზომების მიღებაზე უარის თქმით კი, ათასობით ამერიკელს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი. ნეგატიურად აისახა მის რეიტინგზე საემიგრაციო პოლიტიკაც, რომელმაც არალეგალთა დეპორტაცია და 5 ათასზე მეტი ოჯახის წევრების დაშორება გამოიწვია. ხისტი პოლიტიკის მიუხედავად, ტრამპმა მაინც შეძლო რიგითი ამერიკელების, მცირე ბიზნესისა და ქვეყნის შიდა ბაზარზე ორიენტირებული მსხვილი მეწარმეების მხარდაჭერის შენარჩუნება.
2019 წელს დემოკრატებმა ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში დაადანაშაულეს და იმპიჩმენტი გამოუცხადეს. როგორც აღმოჩნდა, უკრაინის პრეზიდენტისგან ტრამპი მომავალ არჩევნებში მის მთავარ კონკურენტზე - ჯო ბაიდენზე ცდილობდა კომპრომატის მოპოვებას. აღსანიშნავია, რომ ტრამპი ამერიკის მესამე პრეზიდენტია, ვის წინააღმდეგაც ამგვარი ზომა ამოქმედდა, თუმცა სენატმა გაამართლა და პრეზიდენტის პოსტი შეუნარჩუნა.
* * *
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპმა მეორე ვადით სცადა პოსტის დაკავება. მართალია, მოქმედი პრეზიდენტი დარწმუნებული იყო, რომ არჩევნები მის სასარგებლოდ დასრულდებოდა, მაგრამ პანდემიის გამო ამერიკელების უმეტესობამ ვადაზე ადრე ან ფოსტით გააკეთა საკუთარი არჩევანი. ხმების დათვლა რამდენიმე დღე გაგრძელდა და საბოლოოდ ჯო ბაიდენის სასარგებლოდ დასრულდა.
2021 წლის 6 იანვარს, როცა კონგრესმა ოფიციალურად გამოაცხადა ბაიდენი გამარჯვებულად, ტრამპი მომხრეების წინაშე გამოვიდა სიტყვით და არჩევნების ფალსიფიცირების შესახებ აუწყა, რასაც მასიური პროტესტი და მაროდიორობა, კაპიტოლიუმის ალყაში მოქცევა, შტურმით აღების მცდელობა და ოთხი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. კონგრესმა ტრამპი აჯანყების წაქეზებაში, შეერთებული შტატებისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა და მეორედ გამოუცხადა იმპიჩმენტი. ამგვარად ტრამპი ერთადერთი პრეზიდენტი გახდა, ვისი გადაყენება ორჯერ სცადეს, თუმცა ორივე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მეტიც, 2023 წელს, ყოფილი პრეზიდენტი 2020 წლის არჩევნებში ჩარევის ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა 200 ათასი დოლარის გირაოდ გადახდის შემდეგ, იმავე დღესვე გაათავისუფლეს. მოგვიანებით ტრამპს 2016 წლის არჩევნების ფალსიფიცირებაშიც დასდეს ბრალი, თუმცა დანაშაული ისევ არ დაუმტკიცდა.
* * *
შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება. მთავარ პრეტენდენტებად ისევ მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ითვლებიან, რომელსაც ექსპერტების მტკიცებით გამარჯვების უფრო მეტი შანსი აქვს, რადგან ექვსიდან ხუთი ე.წ. „მერყევი“ შტატი, რომელთაც არჩევნების შედეგები უნდა გადაწყვიტონ, სწორედ მას უჭერენ მხარს.