* პრინსი -
იმ შემთხვევაში, თუ მაიკლ ჯექსონი პოპ-მუსიკის მეფეა, მაშინ პრინს როჯერ ნელსონი, ნამდვილი პრინცია. მუსიკალური კრიტიკოსები პრინსს ფანკ-პოპის ფუძემდებლად, ბრწყინვალე ვოკალისტად და თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო გიტარისტად მიიჩნევენ, რომლის ნიჭი ჯეროვნად არ დაფასდა, თაყვანისმცემლები კი, მას გენიოსად და ყველაზე ექსტრავაგანტურ მუსიკოსად თვლიან, რომელიც მთელი ცხოვრება ინდივიდუალურობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის იბრძოდა.
* * *
პრინს როჯერ ნელსონი 1958 წლის 7 ივნისს დაიბადა ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცივი შტატის - მინესოტას ქალაქმინეაპოლისში. მართალია, კარიერის მანძილზე მუსიკოსმა 300 მილიონზე მეტი დოლარი გამოიმუშავა, მაგრამ ვარსკვლავის სტატუსისთვის შესაფერისი უძრავი ქონების შეძენა მაინც ვერ მოახერხა. მეტიც, ჰოლივუდში ხანგრძლივად ცხოვრების მიუხედავად, ის მხოლოდ ქირაობდა აპარტამენტებს, რადგან ერთადერთ სახლად მინესოტას მიიჩნევდა, სადაც იანვრის თვეში ტემპერატურა ხშირად მინუს 12 გრადუსამდე ეცემა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სწორედ მშობლიურ შტატში, პატარა ქალაქ შანჰასენში გარდაიცვალა 2016 წლის 21 აპრილს.
* * *
ნაკლებად შეძლებულ ოჯახში დაბადებულ პრინსს, არც კარიერის დასაწყისში გაუმართლა. ამერიკული შოუბიზნესის სტანდარტებისთვის შეუფერებელი გარეგნობის გამო მომავალ მუსიკოსს სწორედ გარეგნობის გამო იწუნებდნენ მსხვილი ხმისჩამწერი კომპანიების პროდიუსერები და მოსმენის გარეშე ისტუმრებდნენ უარით. პრინსის განცხადებით, რომელსაც ისე ძალიან უჭირდა, რომ ზოგჯერ რამდენიმე დღე უწევდა შიმშილი, ხშირად მხოლოდ იმიტომ შედიოდა „მაკდონალდსში“, რომ საჭმლის სუნი ეგრძნო.
მუსიკალური ნიჭი პრინსმა საკმაოდ ადრეულ ასაკში გამოავლინა. მეტიც, 7 წლისა თავისუფლად უკრავდა ფორტეპიანოზე, 13 წლისამ დამოუკიდებლად ისწავლა გიტარაზე დაკვრა, ერთი წლის შემდეგ კი, დასარტყამი ინსტრუმენტიც დაძლია. როგორც ჩანს, უნიკალური ტალანტი მუსიკოსმა მშობლებისგან მიიღო, რადგან მამა - ჯონ ლუის ნელსონი - პიანისტი, დედა - დელა ნელსონი კი - ჯაზის მომღერალი იყო. სახელი შვილს, რომელიც ბავშვობაში ეპილეფსიით იტანჯებოდა, მამამ შეურჩია, „პრინსი დავარქვი, რადგან ჩავთვალე, რომ ასეთი სახელით ყველაფრის გაკეთებას შეძლებდა, რასაც მოისურვებდა“, - აღნიშნა ჯონ ლუისმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
* * *
მართალია, კომპოზიციების Erotic City-სა და Sexy Dancer-ის წყალობით პრინსმა მუსიკალური სამყაროს სექს-სიმბოლოს სტატუსი შეიძინა, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან რელიგიური ადამიანი იყო. 2003 წელს, როცა „იეღოვას მოწმეებს“ შეურთდა, პრინსმა ჯერ სიმღერები გადააკეთა და უცენზურო გამონათქვამები ამოიღო, მერე სამუდამოდ თქვა უარი კომპოზიციის Sexy MF-ს შესრულებაზე, საკუთარ სტუდიაში კი, ე.წ. „ბილწსიტყვაობის ყულაბა“ შემოიღო და ჯარიმა დააწესა ნებისმიერისთვის, ვინც უწმაწური სიტყვების გამოყენების გაბედავდა. „თავიდან ყველას ხუმრობა გვეგონა, თუმცა პირველსავე დღეს ჯარიმის - ყველა სიტყვაზე 10 დოლარის გადახდა გვაიძულა და მივხვდით, რომ არ ხუმრობდა. ყოველი დილა ყულაბის გავსებით იწყებოდა. წინასწარ ვიხდიდით 100 დოლარს და მხოლოდ მერე ვიწყებდით მუშაობას, რადგან ასე უფრო მშვიდად და თავისუფლად ვგრძნობდით თავს “, - აღნიშნა პრინსის მეგობარმა ჯეიმს ლუნდსტრომმა.
სწორედ პრინსია შინედ ო’კონორის ჰიტის Nothing Compares to You-ს ავტორი. მართალია, ვრცელდებოდა ხმები თითქოს მუსიკოსებს ხანმოკლე რომანი ჰქონდათ, მერე კი, სკანდალით დაშორდნენ, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ო’კონორმა გაიხსენა, რომ მხოლოდ რამდენჯერმე შეხვდა კოლეგას, რომელმაც უცენზურო სიტყვების საჯაროდ გამოყენების გამო მისცა შენიშვნა, რაზეც ო’კონორმა იმავე სტილში უპასუხა და ისე გაანაწყენა, რომ როგორც თვითონ აღნიშნა, „რამის კიბიდან დააგორა“.
მართალია, ირლანდიელ მუსიკოსთან რომანი არ შედგა, მაგრამ პრინსი, რომელიც „იეღოვას მოწმეების“ სექტაში გაწევრიანებამდე მექალთანის რეპუტაციით სარგებლობდა, საკმაოდ ხშირად ებმებოდა რომანტიკულ ავანიუტებში. 1990-იან წლებში ხანმოკლე რომანი ჰქონდა კიმ ბესინგერთან და კარმენ ელექტრასთან, „ტვინ პიქსის“ ვარსკვლავთან შერილინ ფენთან და თავად მადონასთან, ვისთანაც სიმღერის like a prayer ჩაწერაზე თანამშრომლობდა. თუმცა საბოლოოდ მაინც საკუთარი ჯგუფის წევრზე, მოცეკვავეზე მაიტა გარსიაზე იქორწინა. 1986 წელს სწორედ მასთან შეეძინა ერთადერთი შვილი, რომელსაც იშვიათი გენეტიკური დაავადება - პფეიფერის სინდრომი აღმოჩნდა და ერთ კვირაში გარდაიცვალა.
* * *
მართალია, მუსიკოსი ძალიან დაბალი იყო, მისი სიმაღლე მხოლოდ 157 სანტიმეტრს აღწევდა, მაგრამ მაინც ბრწყინვალედ თამაშობდა კალათბურთს. სახელი პრინცმა ჯერ კიდევ სკოლაში გაითქვა, როცა ბევრად მაღალი თანატოლები დაჯაბნა და მოზარდთა გუნდის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. უკვე ზრდასრულმა კი, ჰოლივუდში მოიპოვა ჩინებული სპორტსმენის ტიტული. მეტიც, ერთ-ერთ წვეულებაზე მუსიკოსმა ცნობილი კომიკოსის ედი მერფის ძმასთან - ჩარლისთან დადო სანაძლეო და გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. ამბობენ, თითქოს ჩვეულ, პლატფორმიან ფეხსაცმელზე შემდგარი მუსიკოსის შემხედვარე მერფის მხოლოდ გაეღიმა, თუმცა სამარცხვინოდ დამარცხებულს უკვე ნაკლებად ჰქონდა სიცილის განწყობა.
* * *
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრინსმა თავისებურად იზაიმა მუსიკალური მაღაზიის დღე, რომელიც აპრილის თვეში აღინიშნება მთელ მსოფლიოში და მინეაპოლისის ცნობილ მაღაზიას Electric Fetus-ს ეწვია, სადაც მენეჯერის ბობ ფიუსის განცხადებით, რამდენიმე დისკი შეიძინა სტივი უანდერის Talking Book-ის, ჯონი მიტჩელის Hejira-ს და კარლოს სანტანას Santana IV-ს ჩათვლით. მოგვიანებით, მუსიკოსმა, რომელიც საკუთარი ველოსიპედით მოგზაურობდა ქალაქში, ადგილობრივ კაფეში შეიარა, თაყვანისმცემლებს მიესალმა და მოკოსთან ერთად ფუნთუშებიც მიირთვა, რომლებიც კაფეს მეპატრონის ალია ალ-ჰალვანის მტკიცებით, ბავშვობიდან უყვარდა.
* * *
მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ მისი ცნობილი „საკუჭნაო“ გაიხსნა, სადაც საკონცერტო ჩანაწერების, რეპეტიციებისა და გამოუქვეყნებელი ჩანაწერების არქივი ინახებოდა. პრინსის ყოფილი მენეჯერის სიუზან როჯერსის განცხადებით, სწორედ მან გადაწყვიტა არქივის გაკეთება1980-იანი წლების ბოლოს, რადგან უამრავი მასალა დაგროვდა. „საკუჭნაოს მასალის“ პირველი რელიზი 2016 წელს შედგა, როცა 1999 წელს შექმნილი, თუმცა მანამდე უცნობი კომპოზიცია Moonbeam Levels გამოვიდა ალბომის Prince 4Ever-ის შემადგენლობაში, ერთი წლის შემდეგ კი, Purple Rain-ის გაფართოებული ვერსია გამოიცა, რომელმაც 20 ახალი კომპოზიცია და ორი სრული კონცერტი გააერთიანა. თუმცა, იმდენად მოცულობითი აღმოჩნდა მუსიკოსის მემკვიდრეობა, რომ მთელი 3 წლით გაიჭიმა მისი სრულად კატალოგიზაცია, უცნობი ნამუშევრების გამოცემას კი, სავარაუდოდ რამდენიმე ათწლეული დასჭირდება.