დღეს პარლამენტში ამნისტიის კანონს განიხილავენ. თავდაპირველად, განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართება, რის შემდეგაც დეპუტატები რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ და კანონპროექტს კენჭს უყრიან. ოპოზიციის ნაწილი ამნისტიის კანონის მიღებას არ ეწინააღმდეგება, თუმცა ვარაუდობს, რომ მისი მიღებით „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვას ცდილობს. მმართველი პარტიის ოპონენტების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონი მოძალადეთა შეწყალებას ითვალისწინებს. ამნისტია შეეხება 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს: პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებას; სასჯელის ნახევრის, მეოთხედის ან მეექვსედის შემცირებას და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირებას.