საქართველოდან მოცვის ექსპორტმა 26 მილიონ დოლარს გადააჭარბა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 4 500 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 26 მილიონ 200 ათასი დოლარი შეადგინა. სამინისტროს ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 56%-ით, ხოლო ღირებულება 53%-ით გაიზარდა. როგორც ირკვევა მოცვი, ძირითადად, ექსპორტირებულია: რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სომხეთში, ნიდერლანდებსა და თურქეთში. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ლურჯი მოცვის ახალი ბაღების გაშენებას. მხოლოდ სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 53 მლნ ლარზე მეტი თანადაფინანსებით, 2 836 ჰექტარი ფართობი მოცვის ბაღებია გაშენებული.