„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული ორგანიზაციის მდივანმა, ვასო ურუშაძემ, პლატფორმა “ერთიანობის” ლიდერთან, გია ჯაფარიძესთან ერთად ბრიფინგი ჩაატარა, რომელიც, როგორც პარტიაში ამბობენ, შეეხო ქვეყნის „ანტიდასავლური პოლიტიკის“ მძიმე ეკონომიკურ შედეგებს - ურუშაძის განცხადებით, თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაცია და ვაგონების განახლების პროგრამა შედაძლოა აღარ განხორციელდეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის მერსაც მიმართავენ და ინტერესდებიან, თუ როგორ აპირებს დედაქალაქის მთავრობა მეტროს სადგურების რეაბილიტაციას და ახალი ვაგონების შეძენას, როდესაც აღნიშნული პროგრამა პარტნიორი სახელმწიფოებისა და დასავლური ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს.