საქართველო სურსათის სიძვირით რეგიონის ყველა ქვეყანას უსწრებს. ამის შესახებ მონაცემებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზა Numbeo აქვეყნებს. Numbeo-ს 2024 წლის სურსათის ფასის სტატისტიკის მიხედვით, რომელიც 146 ქვეყნის მონაცემებს ეფუძნება, საქართველო სურსათის სიძვირით 90-ე ადგილზეა, რითაც რეგიონის ყველა ქვეყანას უსწრებს. ჩვენს ქვეყანას რეიტინგში 35.7 ქულა აქვს.უფრო კონკრეტულად კი რეგიონის ქვეყნების მონაცემებს თუ გადავავლებთ თვალს, 146 ქვეყანას შორის სომხეთს 97-ე ადგილი ერგო, თურქეთი სურსათის სიძვირით 114-ე ადგილზეა მაშინ, როცა აზერბაიჯანმა 119-ე ადგილი დაიკავა, რუსეთი კი რეიტინგში 130-ე ადგილზეა. სურსათის სიძვირით კი პირველი ათეული ასე გადანაწილდა: ბერმუდა, შვეიცარია, კაიმანის კუნძულები, აშშ ვირჯინიის კუნძულები, ისლანდია, სამხრეთ კორეა, ბაჰამის კუნძულები, ჰონგ-კონგი, ბარბადოსი და ნორვეგია. როგორც აღმოჩნდა, შედარებით ყველაზე იაფი სურსათი ღირს პაკისტანში, ავღანეთში, ნიგერიაში, ლიბიასა და ირანში.