* პირველი ქალბატონები: პრეზიდენტების მეუღლეები, რომელთაც ისტორია შეცვალეს -
მართალია, პირველი ლედის პოსტი ოფიციალურად არ არსებობს, მაგრამ ხშირად ქალბატონებიც ისეთივე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, როგორც მათი მეუღლე მამაკაცები. მეტიც, ზოგჯერ სწორედ ქალბატონები ჯაბნიან მეუღლეებს და საზოგადოების მოწონებასაც სწორედ ისინი მოიპოვებენ. მაგალითად, 2012 წელს მიშელ ობამა ამომრჩეველთა 66%-ის მხარდაჭერით სარგებლობდა, მაშინ როცა მის პრეზიდენტ მეუღლეს ბარაკ ობამას - მხოლოდ 52%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.
ე.წ. პირველი ლედის ინსტიტუტი მე-18 საუკუნის ბოლოს გაჩნდა შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო მნიშვნელობა კი, მე-20 საუკუნეში შეიძინა არგენტინელი ევა პერონის წყალობით, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოიპოვა პოპულარობა პრეზიდენტის მეუღლის რანგში. მართალია, ქვეყნის მეთაურის პოსტზე ქალბატონების გააქტიურებამ კიდევ ერთი - პირველი ჯენტლმენის სტატუსი დაამკვიდრა, მაგრამ მამაკაცებისგან რატომღაც არავინ ელის არც საზოგადოებრივ საქმიანობს, არც პოლიტიკოსი მეუღლეების საჯარო მხარდაჭერას.
* მარტა ვაშინგტონი -
პირველი ქალბატონის მცნება 1789 წელს გაჩნდა, როცა ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი გახდა, მისმა მეუღლემ - მარტამ კი, თეთრი სახლის დიასახლისობა ჩაიბარა და რადგან იმ პერიოდში „პირველი ლედის“ სტატუსი არ არსებობდა, უბრალოდ „ლედი ვაშინგტონის“ სახელი შეიძინა. სხვათა შორის, მარტა არასდროს იზიარებდა მეუღლის ენთუზიაზმს და პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წაყენების გადაწყვეტილებას, რადგან ნაკლებად ხიბლავდა ომიდან ახლად დაბრუნებული ჯორჯის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმის იდეა, თუმცა, სბოლოოდ მაინც მორჩილად მიიღო მისი არჩევანი და ჯერ ნიუ-იორკში გაჰყვა, მერე ფილადელფიაში გადაბარგდა მასთან ერთად, რომელიც იმ პერიოდში შეერთებული შტატების დედაქალაქის სტატუსით სარგებლობდა.
ამერიკული საზოგადოება არც მარტა ვაშინგტონს აღიქვამდა პოლიტიკურ ფიგურად, არც მის „მემკვიდრეებს“, რადგან მე-18-19 საუკუნეებში, როცა ქალი მხოლოდ მამაკაცის „სასიამოვნო დამატებად“ ითვლებოდა, მას მხოლოდ ოჯახის მეურნეობის გაძღოლა და შვილების აღზრდა ევალებოდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც საშინაო საქმეებისგან თავისუფალ დროს სოციალურ საქმიანობაში ჩაბმა გადაწყვიტა, სწორედ ლედი ვაშინგტონი აღმოჩნდა. მარტა ყოველ კვირას მართავდა შეხვედრებს ქალბატონებთან, გულდასმით უსმენდა და ცდილობდა მათი პრობლემების მეუღლესთან ერთად გადაჭრას.
* ებიგნეილ ადამსი -
შეხვედრების ორგანიზებაში მისის ვაშინგტონს ებიგეილ ადამსი ეხმარებოდა, რომელმაც 1797 წელს გადაიბარა პირველი ლედის მოვალეობა, როცა მისმა მეუღლემ ჯონ ადამსმა ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან ჩაანაცვლა ჯორჯ ვაშინგტონი და შეერთებული შტატების მეორე პრეზიდენტი გახდა.
ებიგნეილი, რომელსაც სერიოზულად აშფოთებდა ქალების მდგომარეობა პურიტანულ ამერიკულ საზოგადოებში, არა მხოლოდ სასარგებლო რჩევებით დაეხმარა მეუღლეს, არამედ ახალი კანონის შემუშავებაც აიძულა, რომელმაც ქალებს განათლების მიღების უფლება მისცა. წინამორბედზე ბევრად თამამი „ლედი ადამსი“ არც მეუღლის გარეშე მოგზაურობაზე ამბობდა უარს, რაც იმ პერიოდში პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო.
* დოლი მედისონი -
მარტასა და ებიგნეილის დაწყებული საქმე ამერიკის მეოთხე პრეზიდენტის ჯეიმს მედისონის მეუღლემ - დოლიმ გააგრძელა მე-19 საუკუნეში, რომელიც მოურიდებლად სტუმრობდა კონგრესმენებს სახლებში, რათა კანონების მიღებისას მხარდაჭერა მოეპოვებინა მეუღლისთვის, საკუთარ სახლში კი ისე გალანტურად მასპინძლობდა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს, რომ მისი ქცევით თავისუფლად შეიძლებოდა განსაზღვრა ვინ იყო პრეზიდენტის მეგობარი და ვინ მისი დაუძინებელი მტერი.
მეტიც, სწორედ დოლი ეხმარებოდა მეუღლეს იმ ოპონენტებთან კონფლიქტის მოგვარებაში, ვინც თვითონაც ნაკლებად ესიმპათიურებოდა, თუმცა საჭირო ადამიანებად მიიჩნევდა. სხვათა შორის, 1812-1815 წლების ანგლო-ამერიკული ომის დროს პირველმა ლედიმ კატეგორიული უარი თქვა თეთრი სახლის დატოვებაზე და მხოლოდ მაშინ შეელია რეზიდენციას, როცა ინგლისელები დატყვევებითა და ლონდონში გამგზავრებით დაემუქრნენ. იძულებით გაქცეულმა დოლიმ მხოლოდ ყველაზე ძვირფასი - დამოუკიდებლობის დეკლარაციის ორიგინალი და ჯორჯ ვაშინგტონის პორტრეტი გაიყოლა, რამდენიმე საათში კი, თეთრ სახლს ინგლისელები მიადგნენ და ცეცხლი წაუკიდეს. აღსანიშნავია, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ თეთრი სახლში ერთგვარი ტრადიცია დამკვიდრდა და მისი კეთილმოწყობა, ინტერიერის დახვეწა სწორედ მოქმედი პრეზიდენტების მეუღლეებმა აიღეს საკუთარ თავზე.
* ჰარიეტ ბიუკენენი -
1848 წელს დოლი მედისონის დაკრძალვაზე ზაქარი ტეილორმა მას „მსოფლიოს პირველი ლედი“ უწოდა, პრესაში კი, ტერმინი პირველად 10 წლის შემდეგ გაჩნდა, თუმცა, ტიტული არა პრეზიდენტის მეუღლემ, არამედ ნათესავმა მოირგო, რადგან მარტოხელა ჯეიმს ბიუკენენს საკუთარი ოჯახი არ ჰქონდა, ამიტომ თეთრი სახლის დიასახლისად ძმისწული - ჰარიეტი მიიწვია, რომელიც რამდენიმე წლით ადრე დაობლდა. შესაბამისად, აუცილებელი არაა, რომ პირველი ლედის წოდებას პრეზიდენტის მეუღლე ფლობდეს.
ქალთა ემანსიპაციამ მე-20 საუკუნის დასაწყისში, პირველი ქალბატონების გააქტიურებას და პოლიტიკაში ჩაბმას შეუწყო ხელი. ეპოქაში, როცა ამერიკელი ქალები ეტაპობრივად მოიპოვებდნენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, პრეზიდენტების მეუღლეები თანაშემწეთა მთელ ჯგუფებს ქმნიდნენ და სულ უფრო თამამად გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს აქტუალურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე, ზოგჯერ კი, მეუღლეებსაც ენაცვლებოდნენ პრეზიდენტის პოსტზე, როცა ისინი ვერ ახერხებდნენ საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას.
აღსანიშნავია, რომ ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლებისთვის ბრძოლა ამერიკაში მთელი 50 წელი გაგრძელდა და მხოლოდ 1920 წელს დასრულდა, როცა ქალბატონებმა ყველ შტატში შეძლეს საკუთარი არჩევანის გაკეთება და კანონმაც საერთო ეროვნული ხასიათი შეიძინა.
* ედიტ უილსონი -
1919 წელ, როცა ამერიკის 28-ე პრეზიდენტი ვუდრო უილსონი ჯერ ინსულტმა, მერე დამბლამ იმსხვერპლა, სწორედ მეუღლე - ედიტ უილსონი დაეხმარა მძიმე სენის დამალვაში, რათა არ მიეცა ოპონენტებისთვის მისი პოსტიდან გადაყენების საშუალება. მეტიც, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ვერსალის მშვიდობიანი ხელშეკრულების გაფორმების და ამერიკის ერთა ლიგაში გაერთიანების საკითხი დადგა, კონსტიტუციაში კი, არ აღმოჩნდა ჩანაწერი როგორ უნდა ემოქმედა ქვეყნის მთავრობას ცოცხალი, თუმცა უნარშეზღუდული პრეზიდენტის ხელმძღვანელობის შემთხვევაში, სწორედ ედიტმა აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და ისევ მეუღლის უუნარობის დასამალად განაცხადა, თითქოს ამერიკა უარს აცხადებდა ერთა ლიგასთან მოლაპარაკებაზე, რადგან არ ცნობდა კომპრომისებს.
* ელეონორა რუზველტი -
უფრო შორს წავიდა ფრანკლინ რუზველტის მეუღლე - ელეონორა, რომელმაც ამერიკაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანადგომის მთელი ასოციაცია შექმნა, 1945 წელს კი, ჰარი ტრუმენის წყალობით მოხვდა გაეროს დელეგაციაში და მისი ერთადერთი ქალი წევრი გახდა. ამასთანავე, სწორედ მისის რუზველტი კურირებდა ადამიანის უფლებების დაცვის დეკლარაციას გაეროს უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე.
პირველი მსოფლიო ომის დროს ელეონორა წითელი ჯვრის სასადილოში მუშაობდა, 1943 წელს კი, როცა თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ჩაიბარა, საიდუმლო მისიით გაემგზავრა წყნარი ოკეანის ფრონტზე და ხუთი კვირის მანძილზე იმოგზაურა ერთი კუნძულიდან მეორეზე, სადაც ჯარისკაცებს ამხნევებდა, მათთან ერთად სადილობდა, ღამეს კი, სამხედრო ბაზაზე ათევდა. სახლში დაბრუნებულმა ელეონორამ ჯერ მეუღლეს მოუთხრო ნანახის შესახებ, მერე რადიოგამოსვლა მოაწყო ამერიკელი მსმენელისთვის.
პირველ ლედის კარგად ესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო დიალოგი საზოგადოებასთან, ამიტომ ინტენსიურად მართავდა პრეს-კონფერენციებს, ჟურნალისტებად კი, მხოლოდ ქალბატონებს იწვევდა, ვისთანაც ქალის როლს განიხილავდა ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ელეონორა აქტიურად უჭერდა მხარს მეუღლის ყველა წამოწყებას და მის „ახალ კურსს“, რომელიც დიდი დეპრესიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური და სოციალური შედეგების აღმოფხვრას ითვალისწინებდა, 1921 წელს კი, რუზველტის პოლიომიელიტით დასნეულებისა და სამუდამოდ დაინვალიდების შემდეგ პრაქტიკულად მისი შემცვლელი გახდა.
* ჰილარი კლინტონი -
ჰილარი კლინტონი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირველი ლედი იყო, არა მხოლოდ მეუღლეს ეხმარებოდა, არამედ დამოუკიდებელ პროექტებსაც თამამად ახორციელებდა. მისის კლინტონი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, მასვე ებარა ჯანდაცვის სფერო, სადაც სწორედ მისი ინიციატივით განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები.
ბილ კლინტონის მეორე ვადით არჩევის შემდეგ მისმა მეუღლემ ნიუ-იორკის უმცროსი სენატორის პოსტი დაიკავა და აქტიურად შეუდგა ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვაზე მუშაობას. 2008 წელს მისის კლინტონმა, რომელიც მეუღლისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა, მასშტაბური კამპანია წამოიწყო და საკუთარი კანდიდატურის წამოყენება სცადა პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა დემოკრატიული პარტიის შიდა არჩევნებში დამარცხდა ბარაკ ობამასთან. მარცხის მიუხედავად, სწორედ ობამას კაბინეტში ჩაიბარა სახელმწიფო მდივნის თანამდებობა, 2016 წელს კი, პირველი ქალი კანდიდატი გახდა პრეზიდენტის პოსტზე.
* მიშლ ობამა -
არანაკლებ აქტიური პირველი ლედი იყო მიშელ ობამა, რომელმაც პრაქტიკულად მეუღლეც დაჩრდილა საკუთარი საქმიანობით. მისის ობამამ ჯერ სიღატაკეს გამოუცხადა ომი, თუმცა ექსპერტების მტკიცებით დიდად ვერაფრით შეუმსუბუქა ამერიკელების ცხოვრება, მერე ჭარბი წონა, განსაკუთრებით ბავშვებში ეპიდემიად ქცეულ სიმსუქნე აქცია მთავარ სამიზნედ, რასაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის ინიციირებაც მოჰყვა. ბარაკ ობამას ორვადიანი პრეზიდენტობის პერიოდში მისი მეუღლე ყოველთვის ჟურნალისტების საყვარელ რესპონდენტად ითვლებოდა, რადგან ნებისმიერ თემაზე შეეძლო საუბარი, მით უფრო, რომ მკაცრი, საქმიანი იმიჯის მიუხედავად საოცრად კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა.
* ევა პერონი -
ევა დუარტე-პერონი 1919 წელს დაიბადა ლოს-ტოლდოსში, მრავალშვილიან გატაკ ოჯახში, თუმცა, ხუთ და-ძმას შორის ყველაზე უმცროსმა ევმ არ მოინდომა მშობლების ბედს გაზიარება, სიღატაკეში ცხოვრება და ბუენოს-აირესში გაიქცა, სადაც რამდენიმე რადიოდადგმაში მონაწილეობით მოიპოვა პოპულარობა, 1946 წელს კი, არგენტინის მომავალ პრეზიდენტს ხუან დომინგო პერონს გაჰყვა ცოლად და არა მხოლოდ მისი ერთგული კომპანიონი, არამედ მთავარი მრჩეველიც გახდა. მეტიც, საარჩევნო კამპანიის დროს, სწორედ ევამ მოახერხა ე.წ. „უპერანგოების“ ანუ როგორც თავად უწოდებდა მუშათა კლასის მხარდაჭერის მოპოვება, რომელმაც პრაქტიკულად არჩევნების ბედი გადაწყვიტა.
პირველი ლედის პოსტზე საკუთარი გავლენა პერონმა სამკურნალო და საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებისთვის გამოიყენა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქალების არჩევნების მონაწილეობის უფლებისთვის ბრძოლაში. ევიტას, რომელიც 1952 წელს საკმაოდ ახალგაზრდა - 33 წლისა გარდაიცვალა სიმსივნით, დღესაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს სამშობლოში, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ პირველი ლედი ბევრად მეტის გაკეთებას შეძლებდა არგენტინელბისთვის რომ არა ნაადრევი სიკვდილი.
* ბრიჯიტ მაკრონი -
მეუღლეზე 25 წლით უფროსი ბრიჯიტი, რომელსაც აპრილის თვეში 71 წელი შეუსრულდა, საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტის მასწავლებელი იყო და პრაქტიკულად თავადვე აღზარდა. მეტიც, ემანუელ მაკრონმა ამაყად განაცხადა, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესია მეუღლის გვერდით ყოფნა, რადგან მის გარეშე ვერც საკუთარი თავის რწმენას მოიპოვებდა, ვერც პოლიტიკური კარიერის გაკეთებას შეძლებდა.
მართალია, ამერიკელი კოლეგებისგან განსხვავებით მადამ მაკრონი ნაკლებად ცდილობს მეუღლის ხარჯზე საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას და მხოლოდ კომპანიონობას უწევს დიპლომატიურ შეხვედრებზე, მაგრამ ამბობენ, თითქოს სწორედ ბრიჯიტია ემანუელის ყველაზე სანდო და საიმედო მრჩეველი, ვისთან შეთანხმების გარეშე არასდროს იღებს გადაწყვეტილებას.