* გვენ სტეფანი -
ამერიკელი მომღერალი გვენ სტეფანი, რომელმაც 1990-იანი წლების ბოლოს მოიპოვა პოპულარობა ჯგუფის No Doubt-ის შემადგენლობაში შესრულებული სიმღერით Don’t Speak, დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქალ ვოკალისტად ითვლება. ჯგუფის დატოვების შემდეგ სტეფანიმ წარმატებით გააგრძელა სოლო კარიერა და მილიონიანი ტირაჟით გამოშვებული ალბომებით ჩააჩოჩა კოლეგები, თუმცა მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და ჯერ კინოში, მერე მოდის ინდუსტრიაში მოსინჯა შესაძლებლობები.
სოლიდური ასაკის მიუხედავად - ოქტომბრის თვეში მომღერალი 55 წლის იუბილეს აღნიშნავს, სტეფანი მაინც ბრწყინვალედ გამოიყურება, რაც არა მხოლოდ ოსტატური მაკიაჟის, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესის - სწორი კვებისა და სისტემატური ფიზიკური დატვირთვის დამსახურება აღმოჩნდა.
* * *
გვენ რენე სტეფანი 1969 წლის 3 ოქტომბერს დაიბადა კალიფორნიის შტატის პატარა ქალაქ ფულერტონში. მართალია, მომავალი მუსიკოსის მშობლებს - იტალო-ამერიკელ მამას, რომელიც მარკეტინგულ კვლევას აწარმოებდა კომპანია Yamaha-ში და შოტლანდიელ-ირლანდიელ დედას, რომელიც ბუხჰალტრად მუშაობდა ამავე კომპანიაში, არაფერი აკავშირებდათ მუსიკასთან, მაგრამ ოთხივე შვილმა ადრეულ ასაკში გამოავლინა ვოკალური მონაცემები, თუმცა, მცირეწლოვან გვენს მუსიკალურ ნიჭთან ერთად დისლექსიაც აღმოაჩნდა, რამაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა სკოლაში და გული აუცრუა სწავლაზე.
სტეფანი ჯერ ცურვამ გაიტაცა, მერე ფლეიტაზე დაკვრამ და ხატვამ. მართალია, სწორედ სკოლაში შედგა მისი დებიუტი, როცა ახალგაზრდა ტალანტების კონკურში მიიღო მონაწილეობა და სიმღერა On My Radio შეასრულა, მაგრამ საბოლოო არჩევანი მაინც ფერწერის სასარგებლოდ გააკეთა და სკოლის დამთავრების შემდეგ ფულერტონის სამხატვრო კოლეჯში ჩააბარა.
* * *
სწავლის პარალელურად გვენი McDonald’s-ში მუშაობდა, მაგიდებს ასუფთავებდა, კაფეს ალაგებდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებოდა. გარდამტეხი 1986 წელი აღმოჩნდა, როცა გვენის ძმამ - ერიკმა საკუთარი ჯგუფი Apple Core შექმნა და სწორედ უფროსი და მიიწვია ბექ-ვოკალისტად. გვენმა სწრაფად აუღო ალღო ჯგუფის რეპერტუარს, რომელიც მეტწილად ცნობილ ჰიტებს ასრულებდა საკუთარი ვერსიით და რამდენიმე კომპოზიციაც ჩაწერა სოლისტთან ჯონ სპენსთან ერთად.
მართალია, Apple Core-მ, რომელიც მუსიკალურად აფორმებდა ფულერტონში მოწყობილ ღონისძიებებს სწრაფად მოიპოვა ადგილობრივი მსმენელის მოწონება, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, როცა სპენსმა პირდაპირ პარკში, თავში ერთი გასროლით დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით, სოლისტის გარეშე დარჩენილ ჯგუფს დაშლა დაემუქრა. თუმცა, საბოლოოდ მუსიკოსებმა მაინც კოლექტივის შენარჩუნება გადაწყვიტეს, რომელსაც სწორედ მეგობრის პატივსაცემად, მისივე საყვარელი ფრაზა No Doubt (ანუ „ეჭვი არაა“) უწოდეს.
* * *
თავიდან No Doubt მხოლოდ მეზობელ ქალაქებში მართავდა კონცერტებს, თუმცა ერთ-ერთი გამოსვლის დროს, მისი შემოქმედებით, რომელიც სწრაფად შეივსო საავტორო კომპოზიციებით, ხმისჩამწერი სტუდია Interscope Records დაინტერესდა. მართალია, 1991 წელს ჯგუფმა პირველი ალბომი გამოუშვა, მაგრამ დებიუტმა ნაკლებად გაამართლა. მარცხიანი აღმოჩნდა მეორე ალბომიც, რომელიც No Doubt-მა დამოუკიდებლად ჩაწერა, თუმცა შედეგიანი გამოდგა მესამე მცდელობა - 1996 წელს გამოსული Tragic Kingdom, რომელმაც პლატინის სტატუსი მოიპოვა, ჯგუფს კი მსოფლიო აღიარება მოუტანა.
ალბომის წამყვან კომპოზიციებად Just a Girl და Don't Speak იქცნენ, რომლებიც თავად გვენ სტეფანის ავტორობით შეიქმნა ჯგუფის ბასისტთან ტონი კენალთან დაშორების შემდეგ. მელანქოლიური სიმღერა Don't Speak, რომლის ვიდეომ რამდენიმე პრესტიჟული პრემია მოიპოვა, დღემდე ინარჩუნებს 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტის სტატუსს, მით უფრო, რომ უამრავმა ცნობილმა მომღერალმა შეასრულა საკუთარი ინტერპრეტაციით.
* * *
სოლო კარეირა სტეფანიმ 1999 წლის ბოლოს დაიწყო, როცა პრინსთან დუეტში ჩაწერა სიმღერა So Far, So Pleased, 2000 წელს მობისთან ერთად შექმნილი სინგლი South Side გამოვიდა, რასაც ერთი წლის შემდეგ სტეფანისა და ივ ჯიჰენ ჯეფერსის ერთობლივი ნამუშევარი Let Me Blow Ya Mind მოჰყვა, რომელმაც „გრემის“ პრემია მოიპოვა.
სადებიუტო ალბომი Love. Angel. Music. Baby, რომელზეც სტეფანიმ ლინდა პერისა და ფარელ უილიამსთან ერთად იმუშავა 2004 წელს გამოვიდა და პირველივე კვირაში გაიყიდა 310 ათას ასლად, რაც ამავე პერიოდში No Doubt-ის გაყიდულ ალბომებზე მეტი აღმოჩნდა.
* * *
სტეფანიმ რამდენიმე ეპიზოდური როლი შეასრულა ცნობილი რეჟისორების ფილმებში, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობა მის მიერ განსახიერებულმა ჯინ ჰარლოუმ - 1930-იანი წლების სექს-სიმბოლომ მოიპოვა მარტინ სკორსეზეს ბიოგრაფიულ დრამაში „ავიატორი“. პრაქტიკულად საკუთარი თავი განასახიერა მუსიკოსმა სერიალში „დოუსონის ყურეში“, რომელშიც ავტორებმა No Doubt-ის რეალური კონცერტის გადაღებების მასალაც გამოიყენეს.
* * *
2003 წელს გვენ სტეფანიმ ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი L.A.M.B. შექმნა და პირველი კოლექციაც გამოუშვა. მუსიკოსმა აღიარა, რომ „ყოველთვის ძალიან უყვარდა ორიგინალურ მოდელებზე მუშაობა და მთელი ცხოვრება ტანსაცმლის საკუთარი კოლექციის შექმნას ნატრობდა“. დღეს L.A.M.B-ის ბრენდით არა მხოლოდ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, არამედ აქსესუარები, ჩანთები, საათები და პარფიუმერია გამოდის. L.A.M.B-მა სწრაფად დაიმსახურა ცნობილი ვარსკვლავების, მათ შორის ნიკოლ კიდმანის და ლინდსი ლოჰანის მოწონება, რადგან როგორც ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა ფერნ მალისმა აღნიშნა, „L.A.M.B-ის მოდელები ისეთივე ინდივიდუალური და უნიკალურია, როგორც თავად გვენ სტეფანი“.