* -
ჰენრი ჰოვარდ ჰოლმსი ოფიციალურად აღიარებული პირველი ამერიკელი სერიული მკვლელია, რომელიც უმოწყალოდ უსწორდებოდა საკუთარ მსხვერპლს, ჩონჩხს კი, სამედიცინო სასწავლებლებს სთავაზობდა. სასამართლო პროცესზე ჰოლმსმა 27 მკვლელობა აღიარა, საკუთარი სისასტიკე კი, თანდაყოლილი ბოროტებით ახსნა, „გულში დემონით დავიბადე. არ შემეძლო არ მომეკლა, ისე როგორც არ შეუძლია მუზით შთაგონებულ პოეტს გაჩუმება... დიადი მტერი მშობიარობისას მოევლინა დედაჩემს და ჩემი მფარველი, მუდმივი თანამგზავრი გახდა“.
* * *
ფსიქიატრების მტკიცებით, სადისტური მიდრეკილებები მეტწილად მათ უჩნდებათ, ვინც ბავშვობაში გამოცადა საკუთარ თავზე ძალადობა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჰერმან ვებსტერ მაჯეტის სისასტიკეც სწორედ ბავშვობაში გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგი აღმოჩნდა.
ჰერმანი 1861 წლის 16 მაისს დაიბადა ნიუ-ჰემპშირის შტატში, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. მართალია, ღრმად მორწმუნე მშობლები ხშირად სტუმრობდნენ ადგილობრივ მეთოდისტურ ეკლესიას, მაგრამ ღვთისმოსავობის მიუხედავად ჰოვარდის მამა არც ალკოჰოლზე ამბობდა უარს, არც შვილის სასტიკად ცემაზე, დედა კი, ჩუმი და მორჩილი ქალბატონი იყო, რომელიც ვერასდროს იცავდა შვილს მეუღლის აგრესიისგან.
მართალია, ჰერმანი ადრეული ასაკიდანვე იშვიათი გონებამახვილობით გამოირჩეოდა, მაგრამ თანატოლების კეთილგანწყობა მაინც ვერ დაიმსახურა. ბავშვებმა, რომლებიც არასდროს ერიდებოდნენ მის დამცირებას, კარგად იცოდნენ, როგორ პანიკურად ეშინოდა მიცვალებულების და ძალით მიჰყავდათ ადგილობრივი ექიმის სახლში, სადაც დერეფანში აყუდებულ ჩონჩხზე აიძულებდნენ ხელით შეხებას. პატარა ჰოვარდი დიდხანს ტიროდა, ყვიროდა და ჯიუტობდა, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს მისი პანიკური შიში სიამოვნების უცნაურმა გრძნობამ შეცვალა. ჰენრიმ არა მხოლოდ შიში დაძლია, არამედ შეიყვარა კიდეც სიკვდილი. ბიჭუნა ჯერ ექიმის სახლს სტუმრობდა ფარულად, მერე ცხოველებს იჭერდა, ოსტატურად კვეთდა აგონიის გასაგრძელებლად და დიდხანს ტკბებოდა მათი ტანჯვის ცქერით.
მართალია, მშობლები დარწმუნებული იყვნენ, რომ ამგვარი გატაცება ჰენრის საუკეთესო ქირურგად აქცევდა, მაგრამ მან ფარმაცევტობა აირჩია და მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც პირველად მოსინჯა საკუთარი კრიმინალური შესაძლებლობები - ფაკულტეტის მორგიდან რამდენიმე ცხედარი გაიტაცა და გარდაცვლილების უბედური შემთხვევის მსხვერპლად გასაღებით, მათ ნაცვლად მიიღო სოლიდური დაზღვევა, რაც საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა, რადგან სწავლის პარალელურად დაზღვევის სააგენტოში მუშაობდა.
კრიმინალური ბიზნესის განვითარებაში ჰენრი ფინანსების სიმცირემ შეაფერხა, რადგან მისი მწირი შემოსავალი მეუღლეს და ახლად შეძენილ ვაჟიშვილსაც ძლივს ჰყოფნიდა, თუმცა, მაინც არ დაიხია უკან და ფინანსური სირთულეებისგან თავის დაღწევად სახლიდან გაიქცა, ჩიკაგოს მახლობლად, პატარა ქალაქ ინგლვუდში დასახლდა და ჰენრი ჰოლმსის სახელით შეუდგა და იმ გრანდიოზული გეგმის განხორციელებას, რომელიც სამუდამოდ იხსნიდა სიღატაკისგან.
* * *
1886 წლის ზაფხულში, ჰოლმსმა ჰერბერტ ჰოლტონის ცნობილ აფთიაქს მიაკითხა და მისი ქვრივი აფთიაქის გაყიდვაზე დაითანხმა. სიმპათიურმა და გალანტურმა ჰოლმსმა, რომელსაც გარშემომყოფთა კეთილგანწყობის მოპოვების საოცარი ნიჭი ჰქონდა, სწრაფად მიიპყრო ადგილობრივების ყურადღება და მუდმივი კლიენტებიც შეიძინა. რა თქმა უნდა, თაღლით ჰოლმსს არც უფიქრია მისის ჰოლტონისთვის თანხის გასტუმრება. საბრალო მოხუცმა დიდხანს ითმინა ახალი მფლობელის თავნებობა, მერე კი, სასამართლოში უჩივლა, თუმცა, პროცესი არ შედგა, რადგან მომჩივანი მოულოდნელად გაუჩინარდა, ჰოლმსმა კი, მშვიდად გააგრძელა საქმიანობა.
1887 წელს ჰოლმსმა პირველ მეუღლესთან განქორწინების გარეშე იქორწინა მეორეზე და კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი. თუმცა, წარმატებულ ფარმაცევტს, რომელიც ბიზნესის გაფართოებით იყო გატაცებული, მსგავსი „წვრილმანები“ ნაკლებად აღელვებდა. ჰენრიმ თაღლითობით შეიძინა მიწის ნაკვეთი აფთიაქთან ახლოს, მასშტაბური მშენებლობა წამოიწყო და სამსართულიანი შენობა წამოჭიმა, რომლის გეგმა მშენებლებმაც არ იცოდნენ, რადგან გაქნილი ბოროტმოქმედი მუშებს გამოსაცდელი ვადით ქირაობდა და უმიზეზოდ, ანაზღაურების გარეშე ათავისუფლებდა, განსაკუთრებით ურჩებთან კი, საქმეს მისი ერთგული თანაშემწე ბენჯამინ პიტზელი არჩევდა, რომელიც დაუფიქრებლად ასრულებდა „ბოსის“ ყველა ბრძანებას.
რა თქმა უნდა, ჰოლმს არც მშენებლობისთვის საკმარისი ფინანსები ჰქონდა, ამიტომ სესხით ისარგებლა, რომლის გასტუმრებაზე ისევ უარი თქვა, მხოლოდ ახალ მევახშეებთან ნასესხები ფულით გაასწორა ძველი ვალდებულებები, კრედიტით შეძენილი ინვენტარის შესანარჩუნებლად კი, შესაშური ფანტაზია გამოამჟღავნა - სახლის ცენტრში მოათავსა უზარმაზარი ფოლადის სეიფი, რომელსაც გარშემო კედლები ამოუშენა, მფლობელს კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდა კუთვნილი ნივთის დაბრუნებას, თუ სახლის დანგრევის გარეშე გაიტანდა. იმავე პრინციპით შეიძინა ჰოლმსმა ავეჯიც, რომელიც ერთ-ერთ ოთახში დამალა, კარი აგურით ამოქოლა, კრედიტორს კი, რამდენიმე საათი აიძულა მისი ძებნა. მართალია, თაღლითმა უამრავი მომჩივანი გაიჩინა, მაგრამ სასამართლომდე საქმე არასდროს მისულა, რადგან ჰოლმსი ყოველთვის ოსტატურად ახერხებდა უსიამოვნებებისგან თავის დაღწევას.
ახლად აშენებული შენობა ჰოლმსმა ფასადის კოშკებით, დეკორატიული კბილანებით დაამშვენა და შემზარავ ციხე-სიმაგრეს დაამსგავსა, რომლის პირველ სართულზე მაღაზიები იყო მოთავსებული, ზედა ორი კი, სასტუმროს ეთმობოდა, სადაც ოთახების კარი მხოლოდ გარედან იღებოდა, კედლები, ჭერი და იატაკი კი, ფოლადის ფურცლებით ან აზბესტით იყო დაფარული, რაც ხმას ახშობდა და სრულ იზოლაციას უზრუნველყოფდა. ოთახებში ჰოლმსმა მასიური ღარები დაიტანა და მსხვილი მილები გაიყვანა, რომლებიც სარდაფში მოთავსებულ გაზის რეზერვუარს შეუერთა, იქვე ჰქონდა ლაბორატორიაც კრემაციის ორი ღუმელით და მჟავის კასრებით, ნამდვილი ანატომიური მაგიდითა და ქირურგიული ინსტრუმენტებით. სწორედ გაზეთილი ღარებით ხვდებოდნენ გაზით მოწამლული სასტუმროს ბინადრები ურჩხულად ქცეული ჰოლმსის ლაბორატორიაში, სადაც მსხვერპლს ჩონჩხად, შინაგან ორგანოებად „შლიდა“ და საკმაოდ სარფიანად ასაღებდა სამედიცინო სასწავლებლებში.
ჰოლმსის მორიგ აფერას ემსხვერპლა ვინმე მარტინ ჯონსიც, როცა გაზეთში აფთიაქის გაყიდვის შესახებ ამოიკითხა ინფორმაცია. მართალია, ვიზიტის დღეს აფთიაქს ბუზივით ეხვეოდა მყიდველი, რამაც ჯონსი საბოლოოდ დაარწმუნა წამოწყების სარფიანობაში, მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ „მყიდველები“ სინამდვილეში თაღლითი მეპატრონის მიერ დაქირავებული მოხალისეები იყვნენ, რომელთაც ბრწყინვალედ შეასრულეს მის მითითებები. რა თქმა უნდა, ჰოლსმა სწრაფად გააფორმა გარიგება, მერე კი, ახალი აფთიაქი გახსნა და ძველი კლიენტების გადაბირებით გააკოტრა ჯონსი.
* * *
მართალია, ქალებთან ურთიერთობისას ჰოლმსი ნაკლებად აქცევდა ყურადღებას მათ გარეგნობას, მაგრამ უპირატესობას მაინც ქერათმიან ქალბატონებს ანიჭებდა, რომელთაც ჯერ მდივნად ასაქმებდა, მერე სასტუმროს ნომერში ეპატიჟებოდა, სადაც მომაკვდინებელი გაზით გუდავდა, ცხედრებს კი, ღარის საშუალებით სარდაფში ყრიდა. მსგავსი ბედი ეწია ჯულია შტეინსაც, რომლის მეუღლე ჰოლმსმა საკუთარი საიუველირო მაღაზიის მმართველად დაიქირავა.
ქერათმიანი ჯულია ყოველთვის მამაკაცების სიმპათიით სარგებლობდა და ჰოლმსი აღმოჩნდა გამონაკლისი. ქალბატონი სწრაფად გახდა მისი საყვარელი, დაორსულებულმა კი, ურთიერთობის დაკანონება მოსთხოვა და უარის შემთხვევაში მაქინაციების გახმაურებით დაემუქრა. რა თქმა უნდა, ჰოლმსი, რომელსაც უკვე ჰყავდა ორი ცოლი, ნამდვილად არ გეგმავდა მორიგ უსიამოვნებაში გახვევას, ამიტომ ჯულიას მხოლოდ აბორტის გაკეთების პირობით დათანხმდა ცოლად მოყვანას და სარდაფში ჩაიყვანა, საიდანაც აღარასდროს ამოსულა.
ანალოგიური ისტორია შეემთხვა ემელინ სიგარდსაც, რომელმაც მდივნად დაიწყო ჰოლმსთან მუშაობა, წინამორბედის მსგავსად საყვარლად ქცეულმა კი, ისე მოქანცა „მიჯნური“ საკუთარი „რომანტიკული მოთხოვნებით“, რომ ბოლოს ფოლადის სეიფში აღმოჩნდა. ჰოლმსი მანამდე უსმენდა სიგარდის განწირულ კივილს, სანამ ქალი უჰაერობით არ გაიგუდა, მისი ჩონჩხი კი, ადგილობრივ ქირურგს მიჰყიდა 250 დოლარად.
* * *
1893 წელს ჩიკაგომ გრანდიოზული გამოფენით აღნიშნა ამერიკის აღმოჩენის 400 წლის იუბილე და მილიონამდე სტუმარს უმასპინძლა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჰოლმსის სასტუმროც რეკორდული სისწრაფით გაივსო, თუმცა სწრაფადვე დაიცალა. მოკლულთა ცხედრები ჰოლმსმა ისევ სამედიცინო დაწესებულებებს, ანატომიურ თეატრს შეასაღა, მათი ქონება კი, მიისაკუთრა და საგრძნობლადაც გამდიდრდა, რადგან გამომძიებელთა მტკიცებით, გამოფენის პერიოდში, სადისტმა მკვლელმა დაახლოებით 150 უდანაშაულო გამოასალმა სიცოცხლეს.
* * *
ჰოლმსის კრახი ერთი შეხედვით იღბლიანი შემთხვევით და უძვირფასესი საჩუქრით დაიწყო, როცა მორიგმა მდივანმა, მის საყვარლად ქცეულმა მინი უილიამსმა ტეხასის შტატში მემკვიდრეობით მიღებული, 50 ათას დოლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი უსახსოვრა. მართალია, მინის უფროსმა დამ ეჭვი შეიტანა ჰოლმსის კეთილ ზრახვებში, მაგრამ გაქნილმა მაქინატორმა, ისიც სწრაფად მოაჯადოვა თავისი განუმეორებელი შარმით და დასთან ერთად შეიტყუა მახედ ქცეულ სასტუმროს ერთ-ერთ ოთახში.
მოულოდნელად გამდიდრებულმა ჰოლმსმა ჩიკაგოს დატოვება და კრედიტორებისგან ტეხასის შტატში დამალვა გადაწყვიტა, გამგზავრების წინ კი, დაზღვევით ფულის კიდევ ერთხელ შოვნა მოისურვა და საკუთარი ციხე-სიმაგრე ჯერ 25 ათას დოლარად დააზღვია რამდენიმე კომპანიაში, მერე ცეცხლი წაუკიდა. თუმცა, თაღლითობამ არ გაამართლა, დაზღვევის აგენტებმა ხანძრის შეგნებულად გაჩენის ფაქტი აღმოაჩინეს და ჰოლმსსაც უკანმოუხედავად აიძულეს გაქცევა.
მართალია, მინისგან საჩუქრად მიღებულ მიწის ნაკვეთზე, კრედიტორების და მუშების გაცურების იმავე სქემით ჰოლმსმა ახალი ციხე-სიმაგრის მშენებლობა წამოიწყო, მაგრამ ადგილობრივები სწრაფად მიუხვდნენ თაღლითობას და ისევ გაქცევით მოუწია ტეხასური მართლმსაჯულებისგან თავი დაღწევა, სენტ-ლუისში აღმოჩენილმა კი, აფთიაქი და წამლები შეიძინა, რომლებიც სწრაფად გადაყიდა, კრედიტორებს კი, ყალბი დოკუმენტები წარუდგინა, თითქოს აფთიაქი თავისი ვალებით ვინმე მისტერ ბრაუნმა შეიძინა, თუმცა თაღლითობაში მხილებულს ისევ არ გაუმართლა და პირველად აღმოჩნდა საპატიმროში.
* * *
ფინანსების გარეშე დარჩენილმა ჰოლმსმა, რომელსაც მოუთმენლად ელოდა ჩიკაგოსა და ტეხასის სასამართლო, დახმარებისთვის თანამესაკნეს, მძარცველ მარიონ ჰეჯპეტს მიმართა და ჯერ გირაოს გადახდით დატოვა საპატიმრო, მერე მისივე წყალობით მოისყიდა ადვოკატი, რომელიც მორიგი აფერის განხორციელებაზე დაითანხმა.
ძველ მეგობართან ბენჯამინ პიტზელთან ერთად, რომელსაც 10 ათას დოლარად დააზღვევინა სიცოცხლე, ჰოლმსი ფილადელფიაში დაბანაკდა, სადაც ერთგული თანაშემწე არტურ პერის სახელით საპატენტო ბიუროს გახსნაზე დაითანხმა, რამდენიმე დღეში კი, პოლიციამ მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვა, რომელშიც ბიუროს მფლობელი, სწორედ პერი ამოიცნო და მართალია, თავიდან დაღუპვის მიზეზად ახალი გამოგონება დასახელდა, რომელიც სავარაუდოდ დაღუპულს ხელში აუფეთქდა, მაგრამ გაკვეთამ აჩვენა, რომ პერი ჯერ ქლოროფორმით გაგუდეს და მხოლოდ შემდეგ დაწვეს. მართალია, ჰოლმსმა დაღუპულის ერთადერთ ნათესავად გაასაღა თავი და 10 ათასი დოლარიც მიიღო, მაგრამ
სწორედ გაძარცვულმა სადაზღვევო კომპანიამ მიმართა ცნობილი მაძებრის ალან პირკენტონის სააგენტოს, რომელმაც ჰოლმსი 1894 წლის შემოდგომაზე დააპატიმრა ბოსტონში.
სერიული მკვლელი დიდხანს ირწმუნებოდა, თითქოს პიტზელი ოჯახთან ერთად სამხრეთში გაემგზავრა, თუმცა გამოცდილი აგენტების დარწმუნება მაინც ვერ მოახერხა. „პირკენტონელებმა“ სწრაფად მიაკვლიეს პიტზელის დაღუპულ მეუღლეს და შვილებს, მერე კი, „ციხე-სიმაგრეში“ გადაინაცვლეს და ავბედითი სასტუმროს სარდაფში მოძიებულით გააოცეს საზოგადოება.
მართალია, სასამართლომ ჰოლმსს ჩამოხრჩობა მიუსაჯა, მაგრამ სადისტმა ფარმაცევტმა, ვერც სიკვდილის წინ სძლია სიხარბეს და ერთ-ერთ გამოცემას 200 ათას დოლარად დათანხმდა ყველა დანაშაულის დეტალურად მოთხრობას. სწორედ მაშინ აღიარა ჰოლმსმა 27 მკვლელობა, თუმცა იცრუა, რადგან სინამდვილეში მსხვერპლთა რიცხვმა ბავშვების ჩათვლით 200-ს გადააჭარბა.
ჰენრი ჰოლმსი 1896 წლის გაზაფხულზე დასაჯეს სიკვდილით, დამწვარი „ციხე-სიმაგრის“ ადგილას კი, რამდენიმე წლის შემდეგ საფოსტო განყოფილება გაიხსნა. სხვათა შორის, სასიკვდილო განაჩენის აღსრულების შემდეგ, პროცესის რამდენიმე მონაწილე უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, რამაც საზოგადოებაში ახალი პანიკა გამოიწვია, რადგან გავრცელდა ხმები, თითქოს ჰოლმსი ვერც საიქიოში ისვენებდა და მტრებს ახლა იქიდან ანადგურებდა. მართალია, ჭორები სასაცილოდ მოეჩვენა პოლიციას, მაგრამ უსაფრთხოებისა და თავის დაზღვევის მიზნით, მაინც ამოავსო მონსტრად ქცეული ჰოლმსის საფლავი ბეტონით.