ანდრეა ბოჩელი -
ცნობილ იტალიელ მომღერალს, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ტენორს ანდრეა ბოჩელის, რომელმაც მილიონობით თაყვანისმცემლის სიყვარული დაიმსახურა, ხშირად „სულის მუსიკოსსაც“ უწოდებენ, რაც სრულიად გამართლებულია, რადგან უსინათლო ბოჩელი, „თითქოს გულით მღერის და თავისი არაჩვეულებრივი ხმით აღწევს მელომანების სულებამდე“.
* * *
ანდრეა ბოჩელი ტოსკანას რეგიონის პატარა ქალაქ ლაიატიკოში დაიბადა 1958 წლის 22 სექტემბერს. ანდრეას, რომელსაც ადრეულ ასაკში დაუდგინეს თვალის მძიმე დაავადება, პერიოდულად უწევდა ოპერაციის გაკეთება, რადგან ნელ-ნელა კარგავდა მხედველობას, საერთო ჯამში მომავალმა მუსიკოსმა 27 ოპერაცია გადაიტანა, თუმცა მხედველობის შენარჩუნება მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა.
რეაბილიტაციის პერიოდში მოზარდი ბოჩელის ერთადერთ გართობად ფირსაკრავი და ფირფიტები იქცა იტალიური ოპერების ჩანაწერებით. ანდრეა საათობით უსმენდა საყვარელ არიებს, მერე კი, თვითონ მღეროდა. მოგვიანებით მოზარდმა ფორტეპიანოზე და ფლეიტაზე დაკვრა ისწავლა, მართალია, ძალიან მოსწონდა საქსოფონის ჟღერადობა და მასზე დაკვრის სწავლასაც გეგმავდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, რადგან 12 წლისამ, ფეხბურთის თამაშისას მიიღო თავის მძიმე ტრავმა, რამაც გლაუკომის დამძიმება და მხედველობის საბოლოოდ დაკარგვა გამოიწვია.
* * *
სკოლის დასრულების შემდეგ ბოჩელიმ პიზის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც იურიდიული განათლება მიიღო, თუმცა ოცნებაზე მაინც არ თქვა უარი და ტურინში გაემგზავრა. სწორედ იქ გაიცნო ოპერის ცნობილი მომღერალი ფრანკო კორელი, რომელიც ვოკალური შესაძლებლობების სრულად გამოვლენასა და საშემსრულებლო მანერის დახვეწაში დაეხმარა.
ანდრეა დღისით მეცადინეობდა, საღამოს კი, რესტორნებში აწყობდა გამოსვლებს შემოსავლის ძიებაში. ბოჩელის არ სურდა მშობლებისთვის მიმართვა და დახმარების თხოვნა, თუმცა უცხო ქალაქში დამკვიდრება, მისთვის უფრო რთული იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა ახალბედასთვის. გარდამტეხი ანდრეასთვის 1992 წელი აღმოჩნდა, როცა კომპოზიცია Miserere მისი შესრულებით ლეგენდარულმა ტენორმა ლუჩანო პავაროტიმ მოისმინა და არაპროფესიონალი მომღერლის ოსტატობით აღფრთოვანდა.
* * *
განსაკუთრებით წარმატებული ბოჩელისთვის 1994 წელი გამოდგა, როცა სწორედ პავაროტის დახმარებით მოხვდა სან-რემოს მუსიკალურ ფესტივალზე და პირველი პრემია მოიპოვა „წლის აღმოჩენის“ ნომინაციაში. იღბლიანი დებიუტის შემდე, კომპოზიციით Il mare calmo della sera ბოჩელი იტალიელი შემსრულებლების საუკეთესო ათეულში მოხვდა, მოგვიანებით კი, ამავე სახელწოდების პირველი ალბომი გამოუშვა, რომელიც მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა იტალიაში.
პირველი ალბომის წარმატება გაიზიარა შემდეგმა ნამუშევარმაც - ალბომმა Bocelli-მ, რომელმაც პლატინის სტატუსი შეიძინა და ევროპული აღიარება მოუტანა მუსიკოსს. ბოჩელიმ გრანდიოზული კონცერტები მოაწყო გერმანიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში, ერთი წლის შემდეგ კი, ვატიკანში, თავად რომის პაპის წინაშე წარსდგა და კურთხევაც მიიღო იოანე პავლე მეორისგან.
* * *
მართალია, თავიდან ბოჩელი მხოლოდ საოპერო კლასიკას - ცნობილ არიებს ასრულებდა, მაგრამ მოგვიანებით მის რეპერტუარში პოპულარული ნეაპოლიტანური სიმღერებიც მოხვდა, 1997 წელს ჩაწერილი Romanza-ს შემდეგ კი, სერიოზულად დაინტერესდა პოპ-მუსიკით, მით უფრო, რომ სარა ბრაიტმანთან ერთად შესრულებული კლასიკური ქროსოვერით Time to Say Goodbye მთელი მსოფლიო დაიპყრო და მასშტაბური საგასტროლო ტურით გაემგზავრა ამერიკაში.
ბოჩელიმ, რომელიც ყოველთვის სიამოვნებით თანამშრომლობს პოპ-შემსრულებლებთან, ბრწყინვალე ნამუშევრები შექმნა ეროსი რამაზოტისთან, კრისტინა აგილერასა და მერი ჯეი ბლაიჯთან. 1996 წელს მუსიკოსმა მარტა სანჩესთან ერთად ჩაწერა სიმღერა Vivo per lei, 1999 წელს სელინ დიონთან ერთად იმღერა ცნობილი ჰიტი The prayer, რომლისთვისაც Golden Globe Awards-ის პრემია დაიმსახურა, 2006 წელს კი, სტივი უანდერთან დუეტში შესრულებულმა კომპოზიციამ Canzoni Stonate-მ მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა.
* * *
სხვა მუსიკოსისგან განსხვავებით ბოჩელის განსაკუთრებით გაუმართლა, რადგან არასდროს ჰქონია კარიერული ჩავარდნა. მეტიც, შემსრულებელი სტაბილურად მუშაობს და თითქმის ყოველ წელს უშვებს ახლ ალბომს. გასულ საუკუნეში წარმატებით დაწყებული კარიერა მუსიკოსმა 21-ე საუკუნეშიც გააგრძელა და პრაქტიკულად ყველა ჟანრის ნაწარმოებით შეავსო რეპერტუარი -კლასიკურით დაწყებული პოპ-მუსიკით დამთავრებული.
2018 წელს ბოჩელიმ მე-16 სტუდიური ალბომი Si გამოუშვა შვილთან მატეო ბოჩელისა და ბრიტანელ მუსიკოსთან ედ შირანთან ერთად. აღსანიშნავია, რომ შირნთნ ბოჩელიმ ერთი წლით ადრეც იმუშავა და კომპოზიცია Perfect Symphony ჩაწრა, რომელიც რამდენიმე კვირაში იქცა მსოფლიო ჰიტად.
მართალია, მუსიკოსი აქტიურად შეუდგა მორიგ ალბომზე მუშაობას, მაგრამ 2020 წლის კოვიდ-პანდემიამ გეგმების გადადება აიძულა, თუმცა ბოჩელიმ მაინც არ ისურვა გაჩერება და უძვირფასესი საჩუქარი გაუკეთა მელომანებს, როცა აღდგომის დღესასწაულზე მილანის საკათედრო ტაძარში პუბლიკის გარეშე მოაწყო კონცერტი და სწორედ ასე მიულოცა ბრწყინვალე დღესასწაული მსოფლიოს. კონცერტმა, რომელიც YouTube-ის არხით გადაიცა, მილიონობით მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. პანდემიის პერიოდში ჩაწერა ბოჩელიმ ალბომიც Believe, რომელშიც მეტწილად ლირიკული კომპოზიციები გააერთიანა და სწორედ ასე გადმოსცა საკუთარი ემოციური მდგომარეობა.
* * *
ბრწყინვალე კარიერის მიუხედავად, ბოჩელისთვის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შვილები აღმოჩნდა, მით უფრო, რომ პირველ მეუღლესთან ენრიკა ჩენზატისთან განქორწინების შემდეგ, ვისთანაც ორი შვილი ამოსი და მატეო შეეძინა, 2000 წელს მუსიკოსმა მეორედ იქორწინა ცნობილი ბარიტონის ივანო ბერტის ქალიშვილსა და საკუთარ იმპრესარიოზე ვერონიკა ბერტიზე, რომელთანაც ერთი წლის შემდეგ ქალიშვილი - ანდრეა ეყოლა. როგორც თავად ბოჩელიმ აღნიშნა, საბედნიეროდ, მუსიკალური ნიჭი სამივე შვილს აღმოაჩნდა, თუმცა მამის გზის გაგრძელება მხოლოდ მატეომ მოინდომა.