ათასობით აღფრთოვანებული ქართველი გულშემატკივარი ქვეყნის დედაქალაქ თბილისის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა, რათა ამაღელვებელი დებიუტის შემდეგ ევრო 2024-დან დაბრუნებულ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს დახვედროდა, - ასე ეხმაურება Reuters-ი თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებას - „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თავისუფლების მოედანზე მისვლამდე ფეხბურთელები თბილისში ღია ავტობუსით გადაადგილდებოდნენ და მათ ოვაციებით და ტაშით ხვდებოდნენ.
„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც გერმანიაში ქვეყნის ოთხივე მატჩს დაესწრო, თითოეულ მოთამაშეს საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო, ღირსების ორდენი გადასცა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას, რომელიც ეროვნულ ნაკრებს მთავრობის მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა, ზოგიერთი დამსწრის მხრიდან უკმაყოფილების გამომხატველი შეძახილები მოჰყვა, საქართველოს მწარე საშინაო პოლიტიკის შეხსენების ნიშნად, რომელიც ჩემპიონატის გამო დროებით დაიჩრდილა“, - წერს Reuters-ი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ „ქართველმა ფეხბურთელებმა მთელს ევროპაში შექება დაიმსახურეს ამაღელვებელი თამაშების სერიისთვის, მათ შორის შოკისმომგვრელი გამარჯვებით კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიასთან, ანგარიშით 2-0“.