ფონდი „ქართუ“ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს - Palitra News

ფონდი „ქართუ“ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს

2024-06-27 14:15:39+04:00

ფონდი „ქართუ“ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს, ამის შესახებ ფონდმა განცხადება 23 აპრილს გაავრცელა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ.საქართველოს საფეხბურთო ნაკრები EURO 2024-ზე ითამაშებდა. გარდა ამისა, "ქართუს" განცხადებით, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ნაკრები დამატებით კიდევ 30 მლნ ლარს მიიღებს. სიამაყით შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გუშინ, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი, შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ. როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 30 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის ნაკრებს გერმანიის ქალაქ კოლნში დაუპირისპირდება. ბილეთების შეძენა უეფას ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი და მისი ფასებია: ფან-ზონა - 50 ევრო; მე-3 კატეგორია - 85 ევრო; მე-2 კატეგორია - 175 ევრო; 1-ლი კატეგორია - 250 ევრო და პრემიუმ-ადგილი - 500 ევრო. როგორც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩვენმა ფეხბურთელებმა თქვეს, საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ არავისზე ნაკლები გუნდი არაა და ყველა მატჩზე მოსაგებად გადიან, ამიტომ დარწმუნებული ვარ წინ კიდევ ბევრი ამაყი და ამაღელვებელიი დღე გველოდება