შემდეგი სიახლე კი განსაკუთრებით მათ დააინტერესებთ, ვინც ტრანსპორტირებისთვის ხშირად რკინიგზას იყენებს. საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილება შედის. პროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ხოლო ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო. დოკუმენტის მიხედვით, განსაზღვრულია მგზავრთა უფლებები, რომელთა დარღვევა, ბილეთის ფულის ანაზღაურებას და ფულად კომპენსაციებსაც ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, მგზავრი უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია სარკინიგზო საწარმოს მიზეზით გამოწვეული დაგვიანებისათვის, თუ ის იგვიანებს ბილეთზე მითითებული გამგზავრების პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე გადაადგილებისას და ბილეთში გადახდილი თანხა ანაზღაურებული არ არის. დაგვიანებისათვის გათვალისწინებული მინიმალური კომპენსაცია კი შეადგენს ბილეთის ღირებულების 25 %-ს 60-დან 120 წუთამდე დაგვიანებისათვის; მაგრამ თუ დაგვინება 120 წუთი ან უფრო მეტის, მაშინ რკინიგზას მგავრისთვის ბილეთის ღირებულების 50 %-ის ანაზღაურება მოუწევს.ცვლილებების თანახმად, მგზავრი ვერ მიიღებს კომპენსაციას, თუ ის ინფორმირებულია დაგვიანების შესახებ ბილეთის შეძენამდე ან თუ სხვა მომსახურების ფარგლებში მგზავრობის გაგრძელებით ან მარშრუტის შეცვლით გამოწვეული დაგვიანების ხანგრძლივობა 60 წუთზე ნაკლებია. რკინიგზა ვალდებული არ არის გადაიხადოს კომპენსაცია, თუ მგზავრის ბილეთში მითითებულ დანიშნულების პუნქტში ჩასვლის დაგვიანება, მომსახურების შეწყვეტა ან მგზავრის გადასხდომის დაგვიანება გამოწვეულია საგანგებო გარემოებებით, რომლებიც არ უკავშირდება უშუალოდ რკინიგზის საქმიანობას, მათ შორის მეტეოროლოგიური პირობები, სტიქიური მოვლენები, ეპიდემია და სხვა. ამასთან, ცვლილებების მიხედვით, მგზავრობის საფასური მგზავრს ასევე მთლიანად უბრუნდება ავადმყოფობის ან ბილეთში აღნიშნული ადგილით უკმაყოფილებისა და მის ნაცვლად შეთავაზებული სხვა ადგილით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში.