* გაბრიელ შანელი -
თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოკო შანელი, რომელიც ფრანგებისთვის დღემდე უნაკლო სტილის განსახიერებად რჩება, გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რადგან სწორედ მან შეძლო კომფორტისა და ელეგანტურობის შერწყმით მოდის ინდუსტრიის გადატრიალება და ახალი ტენდენციების დამკვიდრება, რომელთაც თანამედროვე სამყაროშიც შეინარჩუნეს აქტუალურობა.
* * *
გაბრიელ შანელი 1883 წლის 19 აგვისტოს დაიბადა ქალაქ სომიურის საქველმოქმედო საავადმყოფოს თავშესაფარში და იმ ქალბატონის პატივსაცემად მიიღო სახელი, ვინც მის დედას ევგენია ჟანა დევოლის - ღარიბ მრეცხავს დაეხმარა მშობიარობაში. ახალშობილის მამა - ალბერტ შანელი ბაზრის რიგითი მოვაჭრე იყო, რომელიც მეტწილად მუშების ტანსაცმელს და თეთრეულს ჰყიდდა, საშინელ სიღატაკეში ცხოვრობდა და ექვსი შვილის მიუხედავად მაინც არც გეგმავდა ევგენიაზე დაქორწინებას.
სხვათა შორის, შანელის გვარი საერთოდ არ არსებობს, რადგან სინამდვილეში, საფრანგეთში მოსახლეობის აღწერის დროს დაშვებული შეცდომის წყალობით წარმოიშვა, როცა „შანსელი“ უნებლიედ გადაკეთდა „შანელად“. ინფორმაცია ისტორიული კაზუსის შესახებ პირველად ნაცისტებმა აღმოაჩინეს, რომლებიც დაშანტაჟების სურვილით იკვლევდნენ დიზაინერის ბიოგრაფიულ მონაცემებს.
* * *
11 წლის გაბრიელს დედა გარდაეცვალა, მამამ კი, უარი თქვა შვილების აღზრდაზე და ბიჭები ადგილობრივ მონასტერში, გოგონები კი, ობაზინის სააბატოში გაამწესა, სადაც ცისტერციანელთა ორდენმა „ღატაკთა და მიუსაფართა, ობოლთა და მიტოვებულთა მზრუნველობისთვის “ დააარსა თავშესაფარი.
მართალია, მონასტერი, სადაც გაბრიელი სრულწლოვანებამდე ცხოვრობდა, იშვიათი ხელმოკლეობითა და სიმკაცრით გამოირჩეოდა, მაგრამ სწორედ იქ ისწავლა შანელმა კერვა, რამაც მთელი მისი ცხოვრება და მომავალი წარმატება განსაზღვრა. მოზარდი გაბრიელი ადრეულ ასაკში მიხვდა, რომ ნაკლებად სახარბიელო სოციალური სტატუსი ჰქონდა, ამიტომ წინაპრების შეცდომის ნებისმიერ ფასად გამოსწორება გადაწყვიტა.
აღიარების მოპოვების შემდე დიზაინერი ხშირად ცრუობდა და შეგნებულად ამდიდრებდა ბავშვობის ისტორიას მრავალფეროვანი გამოგონილი ეპიზოდებით, რადგან ყოველთვის ეუხერხულებოდა სიმაღლის აღიარება. მადამ შანელის განცხადებით, დედის გარდაცვალების შემდეგ, მამამ, რომელიც ამერიკაში გაემგზავრა ბედის საძიებლად, დასთან ერთად დეიდებთან გაამგზავრა და სწორედ იქ გაატარა მთელი ბავშვობა. ამასთანავე, დიზაინერი ხშირად იკლებდა ასაკს და მთელი 10 წლით ახალგაზრდად ასაღებდა თავს.
* * *
მონასტერში მიღებული სარეკომენდაციო წერილის წყალობით გაბრიელმა მაღაზიაში, თეთრეულის გამყიდველის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა, თუმცა ამბიციური ახალგაზრდა არ დააკმაყოფილა მოკრძალებულმა, ნაკლებად პერსპექტიულმა სამუშაომ და ტანსაცმლის ატელიეში გადაინაცვლა.
ახალგაზრდა შანელმა, რომელიც მთელი ექვსი წელი სწავლობდა კერვას თავშესაფარში, სწრაფად შეიძინა მუდმივი კლიენტები, თუმცა შემოსავალი მაინც მწირი აღმოჩნდა, რამაც პარალელურად „კაფე-შანტანეში“ – 1900-იანი წლების პარიზის ყველაზე პოპულარულ კაბარეში აიძულა შესაძლებლობების მოსინჯა. მოგვიანებით გაბრიელმა ვარიეტეს სცენაზე გადაინაცვლა, სადაც მღეროდა, ცეკვავდა და ყველანაირად ცდილობდა პუბლიკის გამხიარულებას, თუმცა განსაკუთრებულ წარმატებას ვერც იქ მიაღწია, სამაგიეროდ რეპერტუარის მთავარი სიმღერების Qui qua vu Coco და Ко Ко Ri Kо წყალობით „კოკოს“ ზედმეტსახელი შეიძინა.
წარუმატებლობის მიუხედავად, კაბარეში მუშაობამ მაინც გამოიღო შედეგი, რადგან ვერ შემდგარ მომღერალს იმ ცხოვრების ახლოს გაცნობის შანსი მისცა, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა. სწორედ კაბარეში შეხვდა შანელი გადამდგარ ოფიცერს, მსხვილი ტექსტილის ფაბრიკის მფლობელს ეტიენ ბალსანს, რომელიც ჯერ საკუთარი უშუალობით მოხიბლა, მერე მისი მდიდრული სახლის დიასახლისობა ჩაიბარა.
შეძლებული ბალსანი მთელ ცხოვრებას დროსტარებასა და ფულის ფლანგვაში ატარებდა და არც საკუთარ თავს ეუბნებოდა უარს არაფერზე, არც საყვარელ ქალს, რომელსაც ძვირფასი სამოსით და სამკაულით ანებივრებდა. მართალია, ოფიციალური ვერსიით წყვილს არასდროს ჰყოლია შვილი, მაგრამ შანელის ბიოგრაფმა ჟუსტინ პიკარდმა 2010 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „კოკო შანელი. ლეგენდა და ცხოვრება“, დარწმუნებით აღნიშნა, რომ გაბრიელის დის - ჟულის ერთადერთი ვაჟიშვილი ანდრე პალასი, სინამდვილეში სწორედ გაბრიელის და ეტიენის შვილი იყო.
* * *
კოკო დიდხანს ეჩვეოდა ოფიცრის საყვარლის როლს და უსაქმურობასთან ერთად, დაუკმაყოფილებლობის გრძნობითაც იტანჯებოდა, ერთ მშვენიერ დღეს კი, მოდისტის (მე-18-19 საუკუნეებში ქალის კაბისა და შლაპის კერვის ოსტატი) პროფესიით დაინტერესდა და მართალია, ეტიენმა მის სურვილს თავიდან მხოლოდ ირონიული ღიმილით უპასუხა, მაგრამ მოგვიანებით თავად გააცნო საკუთარი მეგობარი, ინგლისელი მეწარმე არტურ კეიპელი, რომელიც ჯერ გამოუცდელი შანელის ორიგინალური იდეების დაფინანსებას დათანხმდა, მერე კი, ბალსანი ჩაანაცვლა.
ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად საკმაოდ წარმატებულ მეწარმედ მიჩნეული კეიპელი, რომელიც ნებისმიერ საქმეში პოულობდა სარგებელს, მოდური ტენდენციებითაც აქტიურად დაინტერესდა და სწორედ მისი ხელშეწყობით გახსნა კოკო შანელმა პარიზელი ქალბატონებისთვის შლაპების პირველი მაღაზია. წამოწყებამ გაამართლა, რადგან პირველს მალე მეორე მაღაზიის გახსნა მოჰყვა ამჯერად ქალაქ დოვილში.
* * *
წარმატებამ ფრთა შეასხა შანელს და მართალია, მეწარმის გამოცდილება არასდროს ჰქონია, მაგრამ საკუთარი საქმის წამოწყება მაინც მოახერხა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის პერიოდში არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ საკუთარი დიზაინით შექმნილი, საოცრად ელეგანტურ და ამავე დროს ძალიან მოხერხებულ მოდელებით გაამდიდრა და სოლიდური მოგებაც ნახა.
1920-იან წლებში გაბრიელმა როგორც იქნა აისრულა ოცნება - ცნობილი მოდისტი გახდა და არისტოკრატულ საზოგადოებასაც გააცნო თავი. შანელთან მეგობრობა ცნობილმა პარიზელმა ქალბატონებმა მოისურვეს, რომლებიც თვითონაც სარგებლობდნენ მისი მომსახურებით და ნაცნობებთანაც უწევდნენ რეკომენდაციასაც. სწორედ ასე იქცა კოკო შანელი პირველ მკერავად, რომელიც მაღალმა საზოგადოებამ არა მოსამსახურის, არამედ თანასწორის სტატუსით მიიღო, სტილის ეტალონად აქცია და ჯერ საფრანგეთში გაუთქვა სახელი, მერე მთელ ევროპაში.
შანელმა სწრაფად დაიმსახურა უცხოელების, მათ შორის ევროპელი მონარქებისა და წარჩინებული ოჯახიშვილების სიმპათია და მეგობრების წრეში ცნობილი კომპოზიტორები, მსახიობები და სხვა ხელოვანები მიითვალა. თუმცა, მსოფლიო აღიარება და ელიტარული დიზაინერის სტატუსი შანელმა საკმაოდ სოლიდურ - 50 წლის ასაკში შეიძინა, რადგან სწორედ მაშინ მიაღწია მისმა სტილმა სრულყოფილებას, რომელიც წლების მანძილზე იხვეწებოდა.
* * *
მეორე მსოფლიო ომის წლებში შანელმა ყველა მაღაზია და სალონი დახურა, რადგან გაუსაძლის პირობებში აღმოჩენილი ფრანგები ნაკლებად ინტერესდებოდნენ მოდური სიახლეებით. თუმცა, აქტიურ ცხოვრებას მიჩვეული ქალბატონი, არც ოკუპირებულ პარიზში დარჩა უსაქმოდ და ძველი კავშირების გამოყენებით აქტიურად შეუდგა მეგობრის დახსნას ნაცისტების ტყვეობიდან.
დახმარებისთვის შანელმა გერმანელ ოფიცერს მიმართა, თუმცა მალე თვითონ აღმოჩნდა საპატიმროში, რომელიც მართალია, სულ რამდენიმე საათში დატოვა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ საფრანგეთიდან გაემგზავრებოდა და ისიც სასწრაფოდ გადაბარგდა შვეიცარიაში, სადაც თითქმის ათი წელი გაატარა.
* * *
იძულებითი გადასახლებიდან დაბრუნებულ შანელს უამრავი კონკურენტი დახვდა სამშობლოში, რომელთა შორის განსაკუთრებული წარმატებით კრისტიან დიორი და კრისტობელ ბალენსიაგა სარგებლობდნენ. მართალია, ელეგანტური სტილის დედოფალს ძალიან დაწყდა გული, როცა აღმოაჩინა რომ მოდის სამყაროში ძალაუფლება მამაკაცებმა ჩაიგდეს ხელში, მაგრამ ძალა მოიკრიბა, 70 წელს მიღწეული ისევ პარიზში დაბრუნდა და ახალი სალონი გახსნა.
მონდომების მიუხედავად, მოდელიერმა მხოლოდ კრიტიკოსების უარყოფითი შეფასება დაიმსახურა, რაც მეტად მტკივნეულად განიცადა, თუმცა გული არ გაიტეხა და სამ წელიწადში ახალი კოლექციით წარსდგა პუბლიკის წინაშე, რომელმაც არა მხოლოდ ძველი დიდება დაუბრუნა, არამედ სამუდამოდ დაუმკვიდრა სახელი მოდის სამყაროში.
* * *
შანელის სახელს უკავშირდება მოდა გარუჯვაზეც. როგორც ამბობენ, კრუიზში გამგზავრებულ მოდელიერს ზედმეტად მოეკიდა მზე, თუმცა კანში ჩასულმა არა თუ დამალა, პირიქით რეკლამა გაუწია გარუჯულ კანს და დანარჩენებმაც სწორედ მას მიბაძეს.
ცნობილი სუნამო, რომელიც დღემდე ელეგანტურობის სიმბოლოდ ითვლება, შანელმა ერნესტ ბოსთან ერთად შექმნა. რუსეთიდან ემიგრირებულმა პარფიუმერმა დიზაინერს ხუთი განსხვავებული სურნელი შესთავაზა, მან კი, მეხუთე აირჩია, რომელიც ხელოვნურად აღმოჩნდა სინთეზირებული და სწორედ ასე გაჩნდა ცნობილი სუნამო Chanel № 5.
ქალბატონები დღემდე ემადლიერებიან შანელს კოქტეილის ანუ ე.წ. „პატარა შავი კაბის“ შექმნისთვის, რომელიც შესაბამისი აქსესუარების შეხამებით იდეალურად ერგება ნებისმიერ გარემოს. ლეგენდის თანახმად, კაბის დიზაინი შანელმა საყვარელი მამაკაცის დაღუპვის შემდეგ შეიმუშავა. ლიბერალიზმის მიუხედავად, საყვარლის გარდაცვალების გამო სამგლოვიარო კაბის ტარებისთვის ფრანგული საზოგადოება მაინც სასტიკად კიცხავდა ქალს, ამიტომ, როცა სხვა გზა აღარ დარჩა, სწორედ ორიგინალური კაბის წყალობით გამოხატა მოდელიერმა საკუთარი განცდა.
შანელის დამსახურებად ითვლება ჩანთის გრძელ ჯაჭვზე ტარების მოდად დამკვიდრებაც. როგორც თავად დიზაინერმა აღიარა, მუდმივად ავიწყდებოდა, სად ტოვებდა რედიკიულს, რომელიც საშინლად ამძიმებდა, რადგან ყოველთვის საჭირო წვრილმანებით იყო სავსე, ასე რომ სწორედ საკუთარი კომფორტისთვის მოიფიქრა ჩანთის ახალი სტილი, რომელიც სწრაფად აიტაცეს მოდის მოყვარულებმა.
* * *
პოპულარობის მიუხედავად, კოკო შანელმა მაინც ვერ შეძლო ბედნიერების მოპოვება, რადგან არასდროს უმართლებდა პირად ცხოვრებაში. უცნაურია, მაგრამ მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლების მიუხედავად დიზაინერს არასდროს ჰყოლია მეუღლე, პროფესიულ წარმატებას კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, შეუდარებელი ნიჭის წყალობით, თუმცა მაინც მამაკაცების დახმარებით მიაღწია, რადგან მისი პროექტები ყოველთვის სოლიდური კაპიტალის დაბანდებას მოითხოვდნენ, რაზეც მართალია მდიდარი პარტნიორები არასდროს ეუბნებოდნენ უარს, მაგრამ არც თვითონ რჩებოდნენ ზარალში.
მამაკაცების ფინანსებზე დამოკიდებულებისგან შანელი მხოლოდ შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ განთავისუფლდა, როცა თავით გადაეშვა მოდის ბიზნესში და ჰოლივუდის კინოსტუდიებთან თანამშრომლობით აიძულა მსოფლიოს შეეცვალა წარმოდგენა ელეგანტურ სტილსა და ჩაცმულობაზე.
გაბრიელ შანელი 1971 წლის იანვარში გარდაიცვალა 87 წლის ასაკში, უკანასკნელი მამაკაცი კი, ვისაც მისი ჩანახატების უძვირფასესი კოლექცია და მოდის სახლი დარჩა, კარლ ლაგერფელდი აღმოჩნდა, რომელმაც არა მხოლოდ შემოინახა უზარმაზარი მემკვიდრეობა, არამედ ღირსეულად გააგრძელა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ქალბატონის და უნიჭიერესი მოდელიერის საქმე.