ისტორია დაიწერა, საქართველო ზეიმობს,- ევროპის ჩემპიონატზე - ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. მეორე ტაიმში კი ერთ-ერთი იერიშის დროს ლუკა ლოჩოშვილი პორტუგალიელებმა საჯარიმოში წააქციეს, რის გამოც მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი გიორგი მიქაუტაძემ ზუსტად დაარტყა და საქართველო 2:0 დაწინაურდა. საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ მერვედფინალში ესპანეთს შეხვდება. მატჩი 30 ივნისს, საქართველოს დროით, 23.00 საათზე გაიმართება.