საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს უახლოეს დღეებში პირველი მოსმენით მიიღებს. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა უკვე განიხილა, სავარაუდოდ დღეს საკითხის განხილვა უკვე პლენარულ სხდომაზე მოხდება. უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მთავარი მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა. მათივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის გავრცელებას არ დაუშვებს. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. მათი ნაწილის თქმით აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ ანტიდასავლური რიტორიკის გაღრმავებას. ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი თვლის ,რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი მეორე რუსული კანონია.