სახალხო დამცველმა პარლამენტს 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში 386-გვერდიანია და ადამიანის უფლებათა დაცვის 30-მდე მიმართულებას მოიცავს. ლევან იოსელიანმა ისაუბრა კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე, გამოხატვის, ინფორმაციის, შეკრების თავისუფლებასა და უფლებადამცველთა უფლებებზე. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა. მისივე თქმით, პრობლემურია პარლამენტში მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისათვის ამოქმედებული სპეციალური წესები, რამაც მედიის ნაწილს მოვლენების გაშუქების შესაძლებლობა შეუზღუდა. ლევან იოსელიანის მოსმენისას სხდომათა დარბაზი თითქმის ცარიელი იყო, რის გამოც ომბუდსმენმა მწუხარება გამოთქვა.