აზიის განვითარების ბანკმა ვაზიანის აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებისთვის ტენდერი გამოცხადა. სატენდერო დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროექტის სავარაუდო ღირებულება 734 986 დოლარია. ახალი აეროპორტის გენგეგმის შესამუშავებლად საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესის ადმინისტრირებას და პროექტის 50%-იან თანადაფინანსებას აზიის განვითარების ბანთან ერთად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება განახორციელებს. სატენდერო პროცესი ორ ეტაპად გაიმართება, პირველი ეტაპით კომპანიებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოსადგენად ეძლევათ ორ კვირიანი ვადა. ტენდერის მეორე ეტაპი გულისხმობს პირველი ეტაპის შეფასების საფუძველზე შერჩეული კომპანიებისაგან დეტალური ტექნიკური შეთავაზების მიღებას. რისი შეფასების შედეგადაც გამოვლენილი იქნება ტენდერში გამარჯვებული კომპანია. ტენდერის საფუძველზე გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის საორიენტაციო ვადა 2024 წლის ივლისია. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის თქმით, ტენდერში მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა საავიაციო-საკონსულტაციო კომპანიას აქვს. ცნობისთვის, მთავრობამ ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილება აპრილში მიიღო. როგორც პრემიერმა მაშინ თქვა, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა 260 მილიონი დოლარი დაჯდება, აეროპორტი კი ჯამში 19 მილიონ მგზავრს მოემსახურება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ვაზიანის აეროპორტთან დაკავშირებით სანავიგაციო კვლევები უახლოეს პერიოდში დასრულდება. პარალელურად კი დაიწყება გენერალური გეგმის შემუშავების პროცესი და 2025 წლისთვის მზად იქნება. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია აეროპორტის მშენებლობა. 2028 წლის ბოლოს კი მზად იქნება ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ვაზიანის აეროპორტიდან პირველი ფრენები განხორციელდეს.