დაღესტანში სინაგოგაზე, ეკლესიებსა და უშიშროების ძალებზე თავდასხმების შემდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი მოქმედებს, 24, 25 და 26 ივნისი კი გლოვის დღეებად გამოცხადდა. ტერორისტულ თავდასხმებს 15-ზე მეტი პოლიციელი ემსხვერპლა, ასევე დაიღუპა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელებს შორის იყო დაღესტნის სერგოკალინსკის ოლქის უფროსის, მაგომედ ომაროვის ორი ვაჟი. ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, განეიტრალებულია ხუთი ბოევიკი : ორი დერბენტში და სამი მახაჩყალაში. შეტაკება დაღესტანში გასულ საღამოს მოხდა. ორ ქალაქში - მაჰაჩყალასა და დერბენტში უცნობი პირები თავს დაესხნენ ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებას. გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო.