უკრაინის თავდაცვის ძალებმა კრასნოდარის მხარეში Shahed-ისა და Geran-2-ის ტიპის დრონების საცავებს დაარტყა - Palitra News

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კრასნოდარის მხარეში Shahed-ისა და Geran-2-ის ტიპის დრონების საცავებს დაარტყა

2024-06-21 16:13:06+04:00

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გასულ ღამეს კრასნოდარის მხარეში Shahed-ისა და Geran-2-ის ტიპის დრონების საცავებს, გამოსაყენებლად მოსამზადებელ ადგილებს, ასევე, ამ უპილოტო საფრენი აპარატების საკონტროლო და საკომუნიკაციო პუნქტებს წარმატებით დაარტყეს. გენშტაბის ცნობით, საბრძოლო მუშაობის შედეგად, აფეთქებების სერია და ხანძარი დაფიქსირდა. უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა აფიპსკის, ილსკის, კრასნოდარის და ასტრახანის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელდა. უკრაინელებმა ბრიანსკის ოლქსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმში, იერიში რუსების სარადარო სადგურებსა და რადიო ელექტრონული დაზვერვის ცენტრებზე მიიტანეს. ოც ივნისს ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფები რუსების საწვავ-საპოხი მასალების საწყობს დაესხნენ თავს. გენშტაბში განმარტავენ, რომ თავდაცვის ძალებში რუსი ოკუპანტების სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შესუსტებისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შესაჩერებლად შესაბამისი ზომების მიღებას აგრძელებენ.