საინტერესო მონაცემები გვაქვს ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისითაც. როგორც აღმოჩნდა, 2024 წლის იანვარ-მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 35.8%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად კი, თუ გასული წლის პირველ 5 თვეში ქვეყნიდან ექსპორტირებული იყო 103 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტი ქართული ღვინო, მიმდინარე წლის იმავე პერიოდში ქვეყნიდან 140 მლნ დოლარის ღვინო გავიდა. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ყველაზე მეტი ქართული ღვინო რუსეთში გავიტანეთ ექსპორტზე. ამ პერიოდში, ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 74.5% იყო. ღვინის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე პოლონეთია, მესამეზე კი უკრაინა, თუმცა ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში რუსეთის, პოლონეთისა და უკრაინის წილებს შორის სხვაობა ძალიან დიდია. უფრო კონკრეტულად, მაშინ როცა მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 74.5%-ია, მეორე ადგილზე მყოფი პოლონეთის წილი მხოლოდ 4.6%, ხოლო მესამე ადგილოსანი უკრაინის წილი 3.6%-ს შეადგენს. კიდევ უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ რუსეთში ამ ხუთ თვეში ექსპორტირებულია დაახლოებით 105 მლნ დოლარის ღირებულების 38 661 ტონა ღვინო, პოლონეთში დაახლოებით 6 მლნ დოლარის 2 609 ტონა, ხოლო უკრაინაში დაახლოებით 5 მილიონი დოლარის 1 778 ტონა.