ქართული პროდუქციის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიზარდა - Palitra News

ქართული პროდუქციის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიზარდა

2024-06-20 13:35:27+04:00

გაზრდილია ქართული პროდუქციის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, წელს 5 თვეში საქართველოდან აშშ-ში თითქმის 36 მლნ დოლარის ადგილობრივი პროდუქცია გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი დაახლოებით 17 მლნ დოლარის, შესაბამისად დროის ამ მონაკვეთში ექსპორტის ზრდა 101%-ია. ჯამურად ექსპორტის მონაცემებს თუ შევხედავთ, წელს საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში მილიარდ 30 მილიონი დოლარის ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა, სადაც აშშ მერვე ადგილს იკავებს. რაც შეეხება იმ ქართულ პროდუქტებს, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პირველ ადგილზეა ფეროშენადნობები, მეორეზე ყურძნის ნატურალური ღვინოები, მესამეზე ლითონის მილები და პროფილები. თუმცა ამის გარდა ამერიკაში საქართველოდან ასევე გადის ხილისა და ბოსტნეულის წვენები, საფრენი აპარატის ნაწილები, გაგიკვირდებათ და კოსმეტიკური საშუალებებიც კი.

.ე.ი. საქართველოდან ამერიკაში გაიზარდა ექსპორტი, იქიდან კი ფულადი გადმორციხვები. მეტიც, აშშ-დან საქართველოში ფულადი გზავნილები ათი წლის მაქსიმუმზეა, რაც იქ მყოფი ქართველი მიგრანტების დიდ და მზარდ რაოდენობაზე მეტყველებს. ჯამურად თუ ვნახავთ, საქართველოში მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში მილიარდ 375 მილიონ 236 ათასი დოლარი გადმოირიცხა. ამავე პერიოდში, ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა ამერიკიდან 218 მილიონ დოლარს აჭარბებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიან ფულად გზავნილებში ამერიკის წილი 15.9% იყო. ამასთანავე, აშშ-დან საქართველოში განხორციელებული ფულადი ნაკადების მოცულობა ათწლიან ჭრილში ისტორიულ მაქსიმუმზეა. მაგალითისთვის 2014 წლის იანვარ-მაისში ამერიკიდან საქართველოში ჯამში გადმოირიცხა 30 მილიონ დოლარზე ცოტა მეტი, შემდეგ წელს გადმორიცხვები ხუთ თვეში გაიზარდა 38 მილიონამდე და ასე ყოველწლიური მზარდი დინამიკით, ახლა უკვე როგორც გითხარით 218 მილიონ დოლარს გადააჭარბა. მოკლედ, თუ შრომითი მიგრაცია საქართველოდან ამერიკაში იმ ტემპით გაგრძელდება რაც დღეს გვაქვს, გადმორიცხვების ეს ისტორიული მაქსიმუმი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.