ჯონ ბონ ჯოვი -
თანამედროვე მუსიკალური სამყარო წარმოუდგენელია ამერიკელი როკ-მუსიკოსის ჯონ ბონ ჯოვის გარეშე, რომელმაც 1980-ინ წლებში შექმნა საკუთარი ჯგუფი Bon Jovi და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ჰიტების Living On A Prayer და You Give Love A Bad Name წყალობით. სხვათა შორის, Bon Jovi, რომელმაც გასულ წელს 40 წლის იუბილე აღნიშნა, ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ჯგუფად ითვლება ხანგძლივი და წარმატებული კარიერით.
* * *
ჯონ ფრენსის ბონჯოვი-უმცროსი 1962 წლის 2 მარტს დაიბადა ფილადელფიასთან ახლოს, პატარა ქალაქ პერტ-ამბოეში, დალაქისა და ფლორისტის ოჯახში. მუსიკოსის წინაპრებს შორის ერთის მხრივ, იტალიელები და სლოვაკები, მეორეს მხრივ, პოლონელები, გერმანელები და შვეიცარიელები იყვნენ, რამაც თავად ბონ ჯოვის განცხადებით, არა მხოლოდ მისი ხასიათი, არამედ მუსიკალური ნიჭიც განსაზღვრა.
მუსიკით ჯონი ადრეულ ასაკში დაინტერესდა, როცა პირველად მოისმინა ელტონ ჯონის, პოლ მკარტნის სიმღერები და საკუთარი ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა. სურვილი მუსიკოსმა 12 წლის ასაკში აისრულა, როცა ჯგუფი The Atlantic City Expressway შექმნა, რომელშიც ხან გიტარაზე, ხან დრამზე უკრავდა და დამოუკიდებლად ქმნიდა კომპოზიციებს. მეტიც, მისმა ადრეულმა ნამუშევარმა Runaway-მ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და ადგილობრივი
რადიოების ჰიტად იქცა.
სკოლის დასრულების შემდეგ ჯონმა კოლეჯში ჩააბარა ბიზნესის შესასწავლად, თუმცა სწრაფად მიხვდა, რომ ბიზნესი ნაკლებად იყო მისი საქმე და ისევ მუსიკას დაუბრუნდა. 1983 წელს ბონ ჯოვიმ დამწყები მუსიკოსები დევიდ ბრაიანი, ალექს ჯონ საჩი და რიჩი სამბორა გაიცნო, ვისთან ერთადაც ჯგუფი Bon Jovi შექმნა.
ახლად შექმნილი კოლექტივი ინტენსიურად აწყობდა სამოყვარულო კონცერტებს ადგილობრივ კლუბებში, რამაც სწრაფად გამოიღო შედეგი, რადგან ახალგაზრდებმა მეტად სარფიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი მუსიკალურ ლეიბლთან Mercury-სთან.
1984 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Bon Jovi გამოუშვა კომპოზიციით Runaway, რასაც ერთი წლის შემდეგ ნაკრები 7800 Fahrenheit მოჰყვა, რომელმაც ოქროს სტატუსი შეიძინა. ჯგუფის ახალ წარმატებად 1986 წელს გამოცემული ალბომი Slippery When Wet იქცა, რომელიც 28 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და Bon Jovi-ს ვარსკვლავის სტატუსი მოუტანა, მით უფრო, რომ ჰიტებმა You Give Love A Bad Name და Livin' On A Prayer ჩარტების ლიდერობა მოიპოვეს, კომპოზიცია Wanted Dead or Alive კი, საუკეთესო ათეულში მოხვდა.
არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა ალბომი New Jersey, რომლის მხარდასაჭერად ჯგუფმა პირველი მასშტაბური საგასტროლო ტურნე მოაწყო.
* * *
1990-იან წლებში ბონ ჯოვი პროდიუსერებით დაინტერესდა და საკმაოდ კარგ შედეგს მიაღწია ჯგუფებთან Gorky Park-სა და Cinderella-სთან მუშაობით, მოგვიანებით კი, კომპოზიტორობამ გიტაცა და საუნდთრეკი შექმნა ვესტერნისთვის „ახალგაზრდა მსროლელები 2“, რომელიც მოგვიანებით დამოუკიდებელ დისკად Blaze of Glory გამოიცა და მუსიკოსის პირველ სოლო ალბომად იქცა. აღსანიშნავია, რომ კომპოზიციამ Blaze of Glory, რომლის სახელიც ალბომმა შეიძინა, ჯერ „ოსკარის“, მერე „გრემის“ ნომინანტი გახდა, 1991 წელს კი, „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა. 1997 წელს მუსიკოსმა კიდევ ერთი სოლო ალბომი Destination Anywhere ჩაწერა და საკუთარი კომპოზიციებით გაფორმებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო.
2000 წელს ბონ ჯოვიმ წიგნი Soul Surfing გამოსცა იმ კომპოზიციების ალბომის თანხლებით, რომელებიც წიგნზე მუშაობის დროს შთააგონებდნენ. 2009 წელს მუსიკოსმა ორი სოლო თრეკი We Don’t Run და Lie To Me ჩაწერა ფილმის „სიყვარულის ფორმულა ქორწინების ტყვეების“ საუნდთრეკისთვის, 2021 წელს კი, პირველი საშობაო ალბომი გამოუშვა, თუმცა ნაკრები არა გასაყიდი, არამედ სასაჩუქრე აღმოჩნდა, რომელიც მუსიკოსმა ახლობლებს უსახსოვრა.
* * *
1995 წელს რეჟისორმა ნიკ გომესმა მუსიკოსს საკუთარ ფილმში „ნიუ-ჯერსის საქმეებში“ მონაწილეობა შესთავაზა. მართალია, მცირებიუჯეტიანმა ფილმმა ბანალური და უინტერესო სიუჟეტით მხოლოდ კრიტიკოსების ნეგატიური შეფასება დაიმსახურა, მაგრმ ბონ ჯოვი მაინც კმაყოფილი დარჩა პროექტში მონაწილეობით, მით უფრო, რომ სწორედ ნაკლებად წარმატებული დებიუტის შემდეგ მიიწვია დევიდ ანსპომ საკუთარ მელოდრამაში „მთვარის შუქი და ვალენტინო“, რომელშიც მხატვრის როლი შეასრულა და ცნობილ მსახიობებს კეტლინ ტერნერს, ვუპი გოლდბერგსა და ელიზაბეტ პერკინსს გაუწია პარტნიორობა.
წარმატებული მუსიკოსი კინოშიც წარმატებული აღმოჩნდა. ბონ ჯოვიმ 20-მდე კინონამუშევარი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე და კოლეგების პატივისცემა დაიმსახურა. მეტიც, ბევრი დარწმუნებული იყო, რომ მუსიკალური კარიერის დასრულების შემდეგ ბონ ჯოვი სწორედ კინოში გააგრძელებდა საქმიანობას, თუმცა მისი ინტერესები ბევრად მასშტაბური და მრავალმხრივი აღმოჩნდა.
* * *
1994 წელს მუსიკოსმა 8 მილიონ დოლარად შეიძინა საფეხბურთო კლუბის Philadelphia Eagles-ის აქციების 22 პროცენტი, თუმცა რამდენიმე თვეში დაკარგა ინტერესი კლუბის მიმართ და აქციებიც სასწრაფოდ გაყიდა, რადგან მიხვდა, რომ მხოლოდ გულშემატკივრობა საკმარისი არ იყო და ფეხბურთის ლიგაში საქმიანობა ბევრად მეტ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვდა.
* * *
2010 წელს ბონ ჯოვიმ საქველმოქმედო ფონდი John Bon Jovi Soul Foundation დააარსა, რომლის მიზანს სიღატაკესთან ბრძოლა წარმოადგენდა. მართალია, მუსიკოსმა უკვე დააფინანსა 260 სახლის მშენებლობა საკუთარ შტატში, მაგრამ გაჩერებას მაინც არ აპირებს, რადგან როგორც თავად აღნიშნა, უამრავი საინტერესო პროექტი არსებობს, რომელთაც სიამოვნებით გაუწევდა ფინანსურ მხარდაჭერას. საკუთარი სიტყვების დასამოწმებლად 2011 წელს მუსიკოსმა რესტორანი Soul Kitchen გახსნა ნიუ-ჯერსიში, რომლის მთავარი ფუნქცია ისევ ნაკლებად შეძლებულთა დახმარებაა. რესტორნის კლიენტები ზუსტად იმდენს იხდიან, რამდენის შესაძლებლობაც აქვთ, მათ კი, ვისაც ფული არ აქვს, მარტივი სამუშაოს შესრულებით შეუძლია მირთმეულის საფასურის ანაზღაურება.