რუსების მიერ, საზღვარგარეთ სასტუმროებისა და აპარტამენტების ივლისის ჯავშნებში საქართველო მესამე ადგილზეა. როგორც ჩანს, საერთაშორისო სანქციებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო გამოწვეული ანტაგონისტური დამოკიდებულების ფონზე, რუსეთის მოქალაქეები დასასვენებლად ძირითადად პოოსტსაბჭოთა ქვეყნებს ირჩევენ. რუსების მიერ საქათველოში განსახლების ობიექტების ივლისის დაჯავშნები, გასული წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით, 69%-ით გაიზარდა. ამის შესახებ დაჯავშნის ონლაინ სერვის “ოსტროვოკის” ანგარიშში წერია, რომელმაც რუსეთში Booking.com ჩაანაცვლა.
“ოსტროვოკი” ცალკე ასახელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის მონაცემებს, რომელიც დსთ-პოსტსაბჭოთა სივრცის პირველ ხუთეულს მოსდევს. 2023 წლის ივლისთან შედარებით, წლევანდელი ივლისის დაჯავშნებში აფხაზეთის წილი გაორმაგდა და შარშანდელი 9%-დან 20%-მდე გაიზარდა. მთლიანობაში, სერვისის მონაცემებით, აფხაზეთში განსახლების ობიექტებში დაჯავშნების რაოდენობა ერთ წელიწადში, თითქმის, ოთხჯერ არის გაზრდილი. ზოგადად, რუსების მიერ საზღვარგარეთ სასტუმროებისა და აპარტამენტების ჯავშნების რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, წლევანდელი ივლისისთვის 72%-ით გაიზარდა. უცხოური მიმართულებების წილი მთლიანი ჯავშნების სტრუქტურაში კვლავ მცირეა, თუმცა 2023 წლის 8%-დან წელს 12%-მდე მაინც გაიზარდა. საზღვარგარეთის მიმართულებებში რუსების ძირითადი მოთხოვნა დსთ-სა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებზე ფიქსირდება, რომლის წილიც უცხოურ ჯავშნებში, თითქმის ნახევარს, 46%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, მიმდინარე წლის ივლისის მთლიან ჯავშნებში მათი წილი 14%-ია, რაც, გასული წლის ანალოგიური პერიოდის 25%-იან მაჩვენებელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია. ამის მიუხედავად, რუსების მხრიდან დაჯავშნები საბერძნეთში 90%-ით, ხოლო გერმანიაში 57%-ით გაიზარდა.