ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნაზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მედიის ინფორმაციით, დიპლომატებს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ კონსერვატორები და სოციალ-დემოკრატები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის არჩევა 5 წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს, თუ ყოველ 2.5 წელიწადში. მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, თანამდებობას მეორე ვადით, კიდევ 5 წლით, შეინარჩუნებს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომლის „ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა. ამასთან, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე ფავორიტი კანდიდატია ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი, ხოლო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანტონიო კოსტას კანდიდატურა განიხილება. ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მორიგი შეხვედრა მომავალი კვირის ბოლოს გაიმართება, სადაც ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის კანდიდატების საკითხს კვლავ განიხილავენ.