კანადა უკრაინას 52.4 მილიონი კანადური დოლარის (38 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის დახმარების პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
კანადის პრემიერ-მინისტრის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პაკეტის უდიდესი ნაწილი - 20 მილიონი კანადური დოლარი (დაახლოებით 14.5 მილიონი აშშ დოლარი) მოხმარდება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, რომელიც ბოლო თვეებში, რუსეთის თავდასხმების შედეგად, მნიშვნელოვნად დაზიანდა. 15.4 მილიონი კანადური დოლარი (დაახლოებით 11.2 მილიონი აშშ დოლარი) უკრაინაში რეფორმების მხარდაჭერას მოხმარდება. გარდა ამისა, 15.4 მილიონი კანადური დოლარი (დაახლოებით 10.8 მილიონი აშშ დოლარი) დაიხარჯება ისეთ ჰუმანიტარულ მიზნებზე, როგორიცაა ომით დაზარალებული ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერა, დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობების შექმნა და ომის დანაშაულის მსხვერპლთა დახმარება.
ამასთან, 2 მილიონი კანადური დოლარი (1.45 მილიონი აშშ დოლარი) მოხმარდება უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხო მუშაობის მხარდაჭერას, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დახმარებით.