ქართველი ფეხბურთელების ღირებულება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება - Palitra News

ქართველი ფეხბურთელების ღირებულება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება

2024-06-13 13:44:10+04:00

ქართველი ფეხბურთელების ღირებულება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. არც არის გასაკვირი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში გამგზავრების წინ საკონტროლო მატჩი პოდგორიცაში მონტენეგროს ნაკრებთან დამაჯერებლად ჩაატარეს და 3:1 გაიმარჯვეს. ამ მატჩზე ბუდუ ზივზივაძემ საქართველოს ნაკრებში თავისი მერვე გოლი გაიტანა და შედეგმაც არ დააყოვნა, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელების ფასი კიდევ გაიზარდა. ამ დროისთვის, ბუდუ ზივზივაძის ღირებულება 900 000 ევრო გახდა, მანამდე ფეხბურთელის ფასი 700 000 ევროს შეადგენდა. ასევე, 3 მლნ ევრომდე გაიზარდა საბა ლობჟანიძის ღირებულება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მანამდე მოიმატა ზურიკო დავითაშვილის ფასმა და 3 მლნ ევრო გახდა. უფრო ადრე კი, 6 მლნ ევროთი გაიზარდა გიორგი მიქაუტაძის ღირებულება და 15 მლნ ევრო შეადგინა. ასევე, 5 მლნ ევრომდე გაიზარდა ოთარ კიტეიშვილის ფასი. Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველებს შორის, ხვიჩა კვარაცხელია 80 მლნ ევროთი ლიდერია, მას მოსდევს გიორგი მამარდაშვილი - 35 მილიონი ევროს ღირებულებით და გიორგი მიქაუტაძე, რომლის ღირებულება ამ ეტაპზე 15 მლნ ევროა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უცხოურ მედიასა და სრულიად საფეხბურთო სამყაროში სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევენ. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში განაგრძობს. გუშინ ფელბერტის იმსი არენაზე ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართა. პატარა სტადიონი გაივსო ადგილობრივი და ქალაქში სპეციალურად ჩასული ქართველი გულშემატკივრებით. აქ კი საქართველოში დარჩენილ გულშემატკივარს გული სულ უფრო სწრაფად გვიცემს მოახლოებული მღელვარებისგან, რადგან 18 ივნისამდე, როცა საქართველოს ნაკრება პირველი მატჩი უნდა გამართოს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, სულ უფრო ცოტა დრო რჩება