მხოლოდ წელს, 5 თვეში, საქართველოში 105 ჩინური კომპანია დარეგისტრირდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, აქედან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს 70 ობიექტი, ინდივიდუალური მეწარმეა 31, უცხოური საწარმოს ფილიალი 3, ხოლო არასამეწარმეო იურიდიული პირი 1. შეგახსენებთ, რომ საქართველო-ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა უკვე მოქმედებს. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტლის მდგომარეობით, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი გახდა. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის 1-ელ კვარტალში 201 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა, საიდანაც თითქმის 14 მილიონი დოლარი ჩინეთზე მოდის. აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველოსთვის ჩინეთი რიგით მეშვიდე ინვესტორია.