მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად დატოვა. კერძოდ, აპრილში გამოქვეყნებული პროგნოზის მსგავსად, ახალ ანგარიშშიც მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის ზრდას წელს 5,2%-ით, ხოლო 2025 და 2026 წლებში თანაბრად, 5%-ით ვარაუდობს. რაც შეეხება ჩვენს სამეზობლოს, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პერსპექტივით სომხეთი ლიდერობს, რომლის ეკონომიკური ზრდაც წელს 5,5%-ით არის პროგნოზირებული, თუმცა 2025 წელს ქვეყნის მშპ 4,9%-ით, ხოლო 2026 წელს 4,5%-მდე შემცირდება. აზერბაიჯანის მშპ-ის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი წელს მხოლოდ 2,3%-ია, რაც 2024 და 2026 წლებში უმნიშვნელოდ და თანაბრად, 2,4%-ით გაიზრდება. რუსეთის წლევანდელი პროგნოზი, აპრილში გამოქვეყნებულ მაჩვენებელთან, ანუ მშპ-ის 2,2%-იან ზრდასთან შედარებით, ოდნავ გაუმჯობესდა და 2,9%-მდე გაიზარდა. თუმცა მომავალ წელს რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად, 1,4%-მდე იკლებს, ხოლო 2026 წელს კიდევ უფრო, 1,1%-მდე შემცირდება. თურქეთის მშპ წელს 3%-ით, 2025 წელს 3,6%-ით, ხოლო 2026 წელს, 4,3%-ით გაიზრდება. მსოფლიო ბანკი წერს, რომ სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2024–2026 წლების განმავლობაში ყოველწლიურად, დაახლოებით, 3.5%-ით დასტაბილურდება. ამას, ბანკის ვარაუდით, მხარს დაუჭერს აზერბაიჯანის ნახშირწყალბადების ექსპორტის გარკვეული აღდგენა, რაც 2023 წელს განსაკუთრებით დაბალი იყო. ამასთან, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად სამხრეთ კავკასიის რეგიონზე გლობალური ვაჭრობის გადამისამართება და დივერსიფიკაცია გაგრძელდება.