აივენჰო , მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე შოტლანდიელი მწერლის, უოლტერ სკოტის ყველაზე ცნობილი რომანია. წიგნი პირველად გამოიცა 1820 წელს გამომცემლობა Constable & Robinson-ის მიერ.
_________________________________________________________________
წიგნში მოქმედებები ვითარდება მეთორმეტე საუკუნის მეორე ნახევარში და ინგლისის ისტორიის ამ მნიშვნელოვან ნაწილთან ერთად, მოგვითხრობს რომანის გმირების საოცარ თავგადასავლებზე. მეფე რიჩარდ ლომგულზე, რომელიც საკუთარ თავს მალავს და "შავი რაინდის" სახელით ებრძვის მტრებს. მათ შორის საკუთარ ძმას, ჯონსაც, რომელსაც სურს, რომ ინგლისის ტახტი დაიკავოს. რომანის მთავარი გმირი კი რიჩარდის ერთგული მსახური უილფრედ აივენჰოა, რომლის ხელშიც ეხლა მთელი სამეფოს ბედია, მეფე ლომგული ტყვეობიდან თუ ვერ დაიხსნა, ალბათ არც უნდა იოცნებოს მშვენიერი როვენას საპასუხო სიყვარულზე. ჯვაროსნული ლაშქრობიდან ახალდაბრუნებულ გმირს ისღა დარჩენია, შეებას მტერს, იბრძოლოს მემკვიდრეობისთვის და მოიგოს ლედი როვენას გული.მომავალი მწერალი ქალაქ ედინბურგში, 1771 წლის 15 აგვისტოს დაიბადა.
1773 წელს პოლიომიელიტით დასნეულების შედეგად, უოლტერი მარჯვენა ფეხით დაკოჭლდა. ფიზიკური ნაკლის მიუხედავად, გარშემო მყოფებს გამორჩეული გონიერებითა და ფენომენური მეხსიერებით აოცებდა. მწერალი ბავშვობიდანვე გაეცნო თავისი ხალხის ლეგენდებს, გადმოცემებს, ტრადიციებს, ხალხურ პოეზიას, რამაც დიდი როლი შეასრულა პატარა უოლტერის მსოფხედველობის ჩამოყალიბებაში. სწავლობდა ედინბურგის კოლეჯში, სადაც გატაცებული იყო ალპინიზმით, მალე ფიზიკურად მოღონიერდა და თანატოლებს შორის საუცხოო მთხრობელის სახელიც მოიხვეჭა. ბევრს კითხულობდა, გატაცებული იყო რომანებითა და პოეზიით, მეგობრებთან ერთად „პოეტური საზოგადოება“ ჩამოაყალიბა.
ლიტერატურული მოღვაწეობა პოეზიით დაიწყო. ჯერ გერმანული პოეზიის ნიმუშებს თარგმნიდა, შემდგომ კი საკუთარი ნაწარმოებების შეთხზვას მიჰყო ხელი.
საბოლოო ჯამში, ოცდაათწლიანი ლიტერატურული მოღვაწეობის განმავლობაში მწერალმა 28 რომანი, 9 პოემა, უამრავი ვრცელი მოთხრობა, სტატია და ისტორიული ნაშრომი შექმნა.
გარკვეული თვალსაზრისით უოლტერ სკოტი პირველი ინგლისურენოვანი ავტორი იყო, რომელიც ნამდვილი საერთაშორისო წარმატებით სარგებლობდა საკუთარი სიცოცხლის პერიოდში, ჰყავდა რა მკითხველები ევროპაში, ავსტრალიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მისი რომანები და პოემები დღემდე აქტუალურია და მისი ნაწარმოებების უმრავლეოსბა კლასიკად ითვლება, როგორც ინგლისურენოვან ლიტერატურაში, ისე შოტლანდიურ ლიტერატურაში. მის განთქმულ ნაწარმოებთა შორის გვხვდება „აივენჰო“, „რობ როი“, „ტბის ქალბატონი", „უევერლი“, „მიდლოტიანის გული" და „ლამერმულის პატარძალი" და სხვა.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2019 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.