* ნოვაკ ჯოკოვიჩი -
37 წლის სერბმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ვერ შეძლო ჩემპიონის ტიტულის დაცვა 2024 წლის „როლან გაროსის“ ტურნირზე, რადგან მეოთხედფინალში გასულმა იძულებით თქვა უარი ასპარეზობაზე. საკუთარი გადაწყვეტილება ჩოგბურთელმა მუხლის ტრავმით ახსნა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე აწუხებდა, თუმცა მეოთხე წრის მატჩში არგენტინელი ფრანსისკო სერუნდოლოს წინააღმდეგ კიდევ უფრო დამძიმდა.
მართალია, ურთულესი დაპირისპირება საბოლოოდ ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ გამარჯვება ჩოგბურთელს ზედმეტად ძვირი დაუჯდა, რადგან გადაუდებელმა ოპერაციამ მენისკზე არა მხოლოდ უიმბლდონის ტურნირიდან გამოთიშა, არამედ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაც ეჭვქვეშ დააყენა.
* * *
ჩოგბურთის ისტორიის საუკეთესო მოთამაშე ჯოკოვიჩი მრავალგზის რეკორდსმენია. ჩოგბურთელმა ყველაზე დიდხანს შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია პროფესიონალურ რეიტინგში და ყველაზე მეტი - რვა სეზონი დაასრულა პირველი ჩოგნის სტატუსით. ამასთანავე, სწორედ ჯოკოვიჩი გახდა ყველაზე ასაკოვანი პირველი ჩოგანი ATP-ს (პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის) რეიტინგში და „დიდი სლემის“ ტურნირების ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე.
სერბმა ჩოგბურთელმა სამჯერ შეძლო „კარიერული დიდი სლემის“ მოპოვება და „მასტერსის“ ყველაზე მეტი ტურნირის მოგება. ჯოკოვიჩი ერთადერთია ATP-ტურის ისტორიაში, ვინც არა მხოლოდ „დიდი სლემის“ ოთხი ტურნირი, არამედ მასტერსის სერიის ცხრავე და ATP-ს შემაჯამებელი ტურნირი მოიგო სულ მცირე ორჯერ.
* * *
ნოვაკ ჯოკოვიჩი 1987 წლის 22 მაისს დაიბადა ბელგრადში. მართალია, ოჯახს მეტად მძიმე პირობებში - პატარა ნაქირავებ ბინაში მოუწია ცხოვრება, მაგრამ მშობლებმა, რომლებიც მუდმივად სესხულობდნენ ფულს ნათესავებისგან, მაინც დაუჭირეს მხარი ნოვაკის ჩოგბურთით გატაცებას და სერიოზული ხარჯიც გაწიეს მის ვარჯიშსა და სპორტულ ეკიპირებაზე. მუდმივი ფინანსური პრობლემებისა და ომის მიუხედავად, რომელიც 1991 წელს დაიწყო და იუგოსლავიის დაშლით დასრულდა, თავად ნოვაკის განცხადებით, მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები შემორჩა ბავშვობიდან.
* * *
მართალია, მცირეწლოვანი ნოვაკი ჯერ სათხილამურო სპორტით, მერე ფეხბურთით იყო გატაცებული, მაგრამ ყველაფერი შეიცვლა, როცა ოთხი წლისამ ჩოგბურთის ჩოგანი აიღო ხელში, რადგან სპორტის ყველა სახეობის დიდი სიყვარულის მიუხედავად, საბოლოო არჩევანი მაინც ჩოგბურთის სასარგებლოდ გააკეთა.
ექვსი წლის ნოვაკი იუგოსლავური ჩოგბურთის ლეგენდამ ელენა გენჩიჩმა შეამჩნია, რომელიც მისი თამაშით აღფრთოვანდა და ერთ-ერთმა პირველმა იწინასწარმეტყველა, რომ „ნიჭიერი ბიჭუნასგან აუცილებლად უდიდესი ჩოგბურთელი გაიზრდებოდა“. გენჩიჩი მთელი ექვსი წელი მუშაობდა ჯოკოვიჩთან, მერე კი, ნათელი გახდა, რომ წინსვლისა და განვითარებისთვის ნოვაკს აუცილებლად საზღვარგარეთ სჭირდებოდა ვარჯიშის გაგრძელება.
გენჩიჩის რეკომენდაციით 12 წლის ნოვაკი ცნობილი იუგოსლავიელი ჩოგბურთელისა და მწვრთნელის ნოკოლა პილიჩის აკადემიაში ჩაირიცხა გერმანულ ობერშლაისჰაიმეში, სადაც ოთხი წელი გაატარა. საერთაშორისო კარიერა მომავალმა პირველმა ჩოგანმა 14 წლის ასაკში დაიწყო, როცა მოზარდთა ევროპის ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებული გახდა ჯერ ერთეულთა, მერე წყვილთა, ბოლოს კი, გუნდურ თანრიგში.
18 წლის ნოვაკმა პირველად მოიგო ATP-ს ტურნირი და საუკეთესო პროფესიონალი ჩოგბურთელების ასეულში მოხვდა, ერთი წლის შემდეგ კი, რეიტინგის ტოპ-ათეულში დაიმკვიდრა ადგილი, რაც 2011 წელს АТР-ს ლიდერობითა და პირველი ჩოგნის ტიტულით დაგვირგვინდა.
* * *
ჯოკოვიჩის პირველი მწვრთნელი ელენა გენჩიჩი არა მხოლოდ კარგი სპორტსმენი და მწვრთნელი,, არამედ თავგამოდებული მელომანი აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარ გატაცება ნოვაკსაც შეაყვარა. ჯოკოვიჩი ვარჯიშის დროსაც და მატჩის შემდეგაც გენჩიჩთან ერთად უსმენდა კლასიკურ მუსიკას, რადგან როგორც თავად აღნიშნა, სწორედ ახერხებდა „ემოციების ჰარმონიზაციას“. ჩოგბურთელმა წლების მანძილზე შეინარჩუნა მუსიკის სიყვარული და დღესაც სიამოვნებით უსმენს, განსაკუთრებით კი, პეტრე ჩაიკოვსკი და მისი ნაწარმოებები მოსწონს.
* * *
ნოვაკის ბავშვობა იუგოსლავიის ომსა და ბელგრადის დაბომბვას დაემთხვა. მეტიც, მომავალ ჩოგბურთელს არა მხოლოდ ვარჯიშზე მოუხდა დროებით უარის თქმა, არამედ მე-12 დაბადების დღეც თავშესაფარში აღნიშნა, თუმცა მწვრთნელმა არც საომარი მოქმედებების დროს მისცა მოდუნების საშუალება. გენჩიჩმა სამხედრო ჰოსპიტალთან ახლოს მოძებნა კორტი, რომელიც სწორედ ჰოსპიტალთან სიახლოვის გამო ჩათვალა უსაფრთხოდ და იქ გააგრძელა ვარჯიში.
* * *
მართალია, ოლიმპიური თამაშები ჩოგბურთელებისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია, მაგრამ მაინც პრესტიჟულ ტურნირად ითვლება, რადგან ასპარეზობაში, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, სპორტსმენების უმეტესობა მხოლოდ ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ თუ ახერხებს მონაწილეობას. 2008 წელს, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ჯოკოვიჩმა, რომელიც იმ პერიოდში ნაკლებად ცნობილ ჩოგბურთელად ითვლებოდა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ვერცხლის და ოქროს მედლები კი, ჩილელ ფერნანდო გონსალესსა და მარადიულ კონკურენტს ესპანელ რაფაელ ნადალს დაუთმო.
* * *
ჯოკოვიჩმა, რომელიც პირველი ჩოგბურთელი გახდა, ვინც „მასტერსის“ სერიის ყველა ტურნირი მოიგო, სანატრელი ოცნება 2018 წლის ზაფხულში აიხდინა, როცა ცინცინატიში დაამარცხა როჯერ ფედერერი და არა მხოლოდ ერთადერთი ნაკლული, არამედ საიუბილეო - 70-ე მოგებული ტურნირიც მიათვალა საკუთარ ანგარიშს და 2018 წელს ოფიციალურად მიიღო „ოსტატის“ ტიტული.
* * *
ავსტრალიის ტურნირზე, რომელიც მელბურნში იმართება ყოველ წელს ე.წ. ჰარდის საფარიან კორტზე, ჯოკოვიჩს დიდი ხანია ვერავინ უწევს კონკურენციას, რადგან კარიერის მანძილზე ჩოგბურთელი ათჯერ გახდა Australian Open-ის გამარჯვებული. ჯერჯერობით ბოლო გამარჯვება ნოვაკმა გასულ წელს მოიპოვა და თანამედროვე ჩოგბურთის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა, რადგან ვერც მანამდე და სავარაუდოდ ვერც მომავალში ვერავინ შეძლებს მისი რეკორდის დაძლევას. მეტიც, „დიდი სლემის“ 24 მოგებული ტურნირიდან 10 გამარჯვება ჯოკოვიჩმა სწორედ ეგზოტიკურ კონტინენტზე მოიპოვა და სამართლიანად დაიმსახურა Australian Open-ის მეფის წოდება.
* * *
2020 წლის ივნისის თვეში ჩოგბურთელი კორონავირუსით დაავადდა, 2022 წელს ავსტრალიის ღია ჩემპიონატისთვის მზადებისას კი, მართალია, ოფიციალურად თქვა უარი ვაქცინაციაზე, მაგრამ გამონაკლისის სახით მაინც მიიღო სპეციალური სამედიცინო მოწმობა ტურნირში მონაწილეობისთვის, თუმცა ავსტრალიაში ჩასულს მესაზღვრეებმა არ მისცეს საზღვრის გადაკვეთის უფლება, რადგან ვიზა, რომლითაც სარგებლობდა არ ითვალისწინებდა ვაქცინაციის გარეშე ქვეყნის ტერიტორიაზე დაშვებას. მეტიც, ჩოგბურთელის მამის განცხადებით, ნოვაკი საემიგრაციო იზოლატორში მოხვდა, რამაც სერიოზული სკანდალი გამოიწვია. თუმცა, მოგვიანებით როცა მელბურნის სასამართლომ დაადგინა, რომ ჩოგბურთელს უკანონოდ გაუუქმეს ვიზა, სპორტსმენმა არა მხოლოდ დეპორტაციას დააღწია თავი, არამედ საყვარელ ტურნირშიც შეძლო მონაწილეობის მიღება.
* * *
შესაძლოა, ისტორიული მასშტაბებით ჯოკოვიჩი თანამემამულეებს - ცნობილ ფიზიკოსს ნოკოლა ტესლას და რეჟისორს ემირ კუსტურიცას ჩამორჩება, მაგრამ დღეს ნამდვილდ ითვლება ყველაზე პოპულარულ სერბად როგორც მსოფლიოში, ისე სამშობლოში. მეტიც, ადგილობრივმა ავიაკომპანიამ Air Serbia-მ სწორედ მის პატივსაცემად დაარქვა სახელი საკუთარ თვითმფრინავს, რომელმაც პირველი რეისი აბუ-დაბიში შეასრულა. 2009 და 2010 წლებში კი, ჯოკოვიჩმა „პოპულარობის ოსკარი“ - სერბული ჟურნალის Puls-ის პრემია მიიღო, როგორც ყველაზე ცნობილმა სერბმა სპორტსმენმა.
* * *
მომავალი მეუღლე - ელენა რისტიჩი ჯოკოვიჩმა სკოლაში სწავლისას გაიცნო. მართალია, სკოლის დასრულების შემდეგ წყვილს დაშორება მოუწია, რადგან ნოვაკმა სერბეთში გააგრძელა ვარჯიში, ელენა კი, მილანში გაემგზავრა სასწავლებლად, მაგრამ 2011 წელს ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და ერთად გადასახლდნენ მონტე-კარლოში, 3-წლიანი რომანის შემდეგ კი, ოფიციალურად დააკანონეს ურთიერთობა. 2014 წელს ნოვაკს პირველი შვილი სტეფანი შეეძინა, 2017-ში პატარა გოგონას - ტარას მამა გახდა.
* * *
ჯოკოვიჩი არა მხოლოდ საუკეთესო ჩოგბურთელი, არამედ მეტად ნიჭიერი, მრავალმხრივ განვითარებული ადამიანია. კოლეგის როჯერ ფედერერის მსგავსად ისიც პოლიგლოტია და თავისუფლად საუბრობს ექვს - მშობლიურ სერბულ, ინგლისურ და გერმანულ, იტალიურ სლოვაკურ და ფრანგულ ენებზე.
ჩოგბურთელი ბრწყინვალედ ერკვევა ნუტრიციოლოგიაში ანუ მეცნიერებაში ადამიანისა და ცხოველების კვების შესახებ, რომლის მთავარ მიზანს რაციონალური კვების ორგანიზება წარმოადგენს. მეტიც, 2013 წელს ჯოკოვიჩმა საკუთარი ავტორობით გამოსცა წიგნი Serve to Win, რომელშიც სწორედ სპორტსმენებისთვის შემუშავებულ დიეტას დაუთმო რამდენიმე თავი. ნოვაკს ძალიან უყვარს ძაღლები, განსაკუთრებით საკუთარი პუდელი და მთელი გულით გულშემატკივრობს ჯერ სერბულ „ცრვენა ზვეზდას“, მერე „მილანის“ საფეხბურთო კლუბს.
გარდა ამისა, ჯოკოვიჩს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა და პაროდიის ნიჭი აქვს. სპორტსმენმა „ჯოკრის“ მეტსახელიც კი შეიძინა კოლეგების - რაფაელ ნადალის, მარია შარაპოვას და ენდი როდიკის თამაშის სტილის გაშარჟებით. სწორედ ხალასი იუმორის, რამდენიმე ენაზე თავისუფლად საუბრისა და კომუნიკაბელურობის წყალობით იქცა ჩოგბურთელი ტელევარსკვლავად და პოპულარული შოუების სასურველ სტუმრად.
2008 წელს ავსტრალიური ტურნირის მოგების შემდეგ ჯოკოვიჩი ამერიკულ გადაცემაში „საღამოს შოუ ჯეი ლენოსთან ერთად“ მიიწვიეს, მოგვიანებით კი, ევროვიზიის პირველ ნახევარფინალს ესტუმრა, რომელიც ბელგრადში ჩატარდა და სწორედ მშობლიურ ქალაქს მიუძღვნა სიმღერა, რომელიც მეტად ემოციურად შეასრულა.
* * *
ნოვაკ ჯოკოვიჩი - მართლმადიდებელი ქრისტიანია, რაც თავად მეტად მნიშვნელოვან მოვლენად მიაჩნია. საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში ჩოგბურთელი კოსოვოსა და მეტოხიის ათეულობით ტაძარს ეხმარება, რისთვისაც წმინდა საბა პირველის ორდენით დაჯილდოვდა.
გარდა ამისა, 2007 წელს ნოვაკმა საკუთარი საქველმოქმედო ფონდი Novak Djokovic Foundation დააფუძნა, რომელიც ერთის მხრივ, ნაკლებად შეძლებული ოჯახების ბავშვებს ეხმარება განათლების მიღებაში, მაგალითად, 2016 წელს Australian Open-ის მოგების შემდეგ პრიზად მიღებული 20 ათასი დოლარი ჩოგბურთელმა მელბურნში ბავშვთა განათლების პროგრამას გადაურიცხა, მეორეს მხრივ, სერბი სპორტსმენების საერთაშორისო ტურნირებზე გამგზავრების ხარჯს ფარავს. „ფული ნამდვილად არ წარმოადგენს ჩემთვის პრობლემას, რადგან იმაზე მეტი ვიშოვე, ვიდრე სერბეთის გამოკვებას სჭირდება. ვფიქრობ, სერბები ნამდვილად იმსახურებენ ჩემს დახმარებას იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მათგან მივიღე“, - აღნიშნა ჩოგბურთელმა.