* Gorillaz –
ბრიტანული ვირტუალური ჯგუფი Gorillaz, რომლის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა შორის ელტონ ჯონი, მადონა და ბობ დილანი ირიცხებიან, თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ნამდვილ ფენომენად იქცა, რადგან ხარისხიან მუსიკასთან ერთად საოცრად ორიგინალური ვირტუალური სამყარო შესთავაზა მსმენელს თავისი ანიმაციური პერსონაჟებით.
* * *
უნიკალური პროექტი, რომელმაც მხოლოდ მოგვიანებით შეიძინა Gorillaz-ს სახელი, 1998 წელს ჩამოყალიბდა მუსიკოსების დეიმონ ალბარნისა და გრემ კოქსონის თანამშრომლობით კომიქსების მხატვრთან ჯეიმი ჰიულეტომთან. უჩვეულო ჯგუფის შექმნის იდეა ჰიულეტომს გაუჩნდა MTV-ს კლიპების ნახვის შემდეგ, როცა მუსიკოსების უგემოვნობისა და სიბრიყვით აღშფოთებულმა ხუმრობით შესთავაზა მეგობრებს გამოგონილი ნახატი პერსონაჟების ჯგუფის შექმნა.
მართალია, პროექტის ავტორებმა კოლექტიურად იზრუნეს ჯგუფის წარმატებაზე, მაგრამ თანამშრომლობა მაინც არ აღმოჩნდა მყარი. კონფლიქტის მიზეზად კოქსონის ყოფილი მეგობარი ქალის - ჯეინ ოლივერისა და ჯეიმი ჰიულეტომის რომანი იქცა, რომელიც 1997 წელს დასრულდა, თუმცა, ძველ კოლეგებს შორის ურთიერთობის აღდგენა მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა.
* * *
ვირტუალურ Gorillaz-ს ისტორიაც ვირტუალური და ძალიან ორიგინალური აქვს. გონებრივად ჩამორჩენილი Stu-Pot „2D“ მუსიკალურ მაღაზიაში მუშაობს, საიდანაც მერდოკ ნიკელსმა გადაწყვიტა სინთეზატორის მოპარვა. ნიკელსი საკუთარი ავტომობილით შევარდა მაღაზიაში და შემთხვევით იმსხვერპლა Stu-Pot-ი, რომელმაც თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო, მერდოკს კი, იძულებითი სამუშაოების შესრულება და დაზარალებულზე მზურველობა დაეკისრა.
2D-ს გამოჯანმრთელების შემდეგ ახალგაზრდებმა ნიუ-იორკელი დრამერი რასელ ჰობსი გაიცნეს, რომელსაც ბანდების დაპირისპირებისას დაეღუპა რეპერი მეგობრები. თავად ჰობსმა 4 წელი გაატარა კომაში, გამოფხიზლებულმა კი, აღმოაჩინა, რომ გარდაცვლილი მეგობრების ერთგვარ რეინკარნაციად იქცა, ამიტომ არა მხოლოდ დრამზე უკრავდა, არამედ ბრწყინვალე ლექსებსაც წერდა.
ჯგუფის მეოთხე წევრი 10 წლის იაპონელი გოგონა გახდა მეტსახელად „ნუდლი“, რომელმაც FedEx-ის კონტეინერით ჩააღწია ბრიტანეთში და ყოფილი გიტარისტი პაულა კრეკერი ჩაანაცვლა. 1997 წელს სწორედ ამგვარი შემადგენლობით ჩაწერა Gorillaz-მა სადებიუტო კომპოზიცია Ghost Train, მოგვიანებით კი, კიდევ ორი წევრი - კიბორგი „ნუდლი“ და ეისი მიიღო ჯგუფში.
* * *
Gorillaz სადებიუტო მინი ალბომი Tomorrow Comes Today, 2000 წლის ნოემბრის თვეში გამოვიდა, რასაც ერთი წლის შემდეგ სრულფორმატიანი ალბომი Gorillaz და ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თრეკი Gorillaz Clint Eastwood მოჰყვა, რომელმაც ცნობილი ფილმის „კარგი, ცუდი, ბოროტის“ მუსიკალურ თემასთნ მსგავსების წყალობით შეიძინა უჩვეულო სახელი.
კომპოზიციას, რომელმაც US Billboard Hot 100-ის ჩარტის 57-ე ადგილი დაიკავა და 38-ე პოზიციით მოხვდა ჟურნალ Rolling Stone-ის 2000 წლის 100 საუკეთესო სიმღერის რეიტინგში, ორი კლიპი აქვს. ვიდეოებს მხოლოდ ფილმიდან „მიცვალებულთა განთიადიდან“ ნასესხები ციტატა განასხვავებს. ფრაზა: „ყოველი გვამი, რომელიც არ განადგურდა, სხვას კლავს. ადამიანები, რომლებიც არ მოკლეს, თვითონ კლავენ სხვებს“ - ბევრ ქვეყანაში პუბლიკისთვის აღმოჩნდა შეურაცხმყოფელი, ამიტომ კლიპი ცენზურიას დააექვემდებარა და პროვოკაციული ციტატის გარეშე გამოვიდა.
* * *
Gorillaz-ს პირველმა სრულფასოვანმა ალბომმა 15 ნამუშევარი გააერთიანა ცნობილი თრეკების 19-2000-სა და Rock the House-ს ჩათვლით. ნაკრები მე-3 პოზიციით მოხვდა ბრიტანულ ჩარტში, მოგვიანებით კი, ჯერ 7-მილიონიანი ტირაჟით გაყიდულმა შეიძინა პლატინის სტატუსი, მერე გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე წარმატებული ვირტუალური პროექტი.
მეორე ალბომმა, რომელმაც Demon Days-ს სახელი შეიძინა, Gorillaz-ს ისეთ ცნობილ ჰიტებს მოუყარა თავი, როგორიც Feel Good Inc, Kids with Guns და Dare. ალბომმა არა მხოლოდ ლიდერის პოზიცია მოიპოვა ბრიტანულ ჩარტში, არამედ პლატინის ორმაგი სტატუსი შეიძინა ამერიკაში და „გრემის“ პრემიის მფლობელი გახდა „საუკეთესო ერთობლივი პოპ-ვოკალური შესრულების“ ნომინაციაში.
* * *
ვირტუალურობის მიუხედავად, ალბარნიმ და ჰიულეტმა მაინც შეძლეს რამდენიმე ცოცხალი კონცერტის მოწყობა Musion Eyeliner-ის ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც მუსიკოსების ჰოლოგრამული გამოსახულების შექმნაში დაეხმარა.
2006 წლის ოქტომბრის თვეში Gorillaz-ს ავტობიოგრაფიული წიგნი „ურჩხულის შექმნა“ გამოიცა, 3 წლის შემდეგ კი, ჯგუფის სულისჩამდგმელებმა დიდი ხნის ოცნება აისრულეს, რადგან ბრიტანეთის ეკრანებზე ჩერი ლევის დოკუმენტური ფილმი Bananaz გამოვიდა. მართალია, ფილმის პრემიერის შემდეგ ალბარნი-ჰიულეტომის დუეტმა პროექტის დასრულების შესახებ განაცხადა, მაგრამ 2010 წელს ჯგუფმა მესამე ალბომი Plastic Beach გამოუშვა, რასაც რამდენიმე თვეში კიდევ ერთი ნაკრები The Fall მოჰყვა, რომელიც ერთგვარ საშობო საჩუქრად იქცა თაყვნისმცემლისთვის. მეტიც, კონფლიქტისა და უსიამოვნებების მიუხედავად, Gorillaz დღემდე აგრძელებს მუსიკალურ საქმიანობას და მართალია, ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ მაინც ქმნის ახალ ნამუშევრებს.
ჯერჯერობით ბოლო ალბომი Cracker Island ჯგუფმა გასულ წელს ჩაწერა. მართალია, ალბომში შესული კომპოზიციების ნაწილის გამოყენება ვებ-სერიალში Gorillaz Song Machine-ში იგეგმებოდა, თუმცა პროექტის განხორციელება გაურკვეველი დროით გადაიდო, სამაგიეროდ, წარმატებით გრძელდება 2015 წელს დაწყებული მულტიმედიური მოთხრობების შექმნა Gorillaz პერსონაჟებზე, რომლებიც ვირტუალურობის მიუხედავად, მაინც უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობენ.