ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, შეერთებული შტატები “დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის ზომების გამოცხადებას გეგმავს. მისივე თქმით, ვაშინგტონი სანქციებს იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ დააწესებს, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებაში ეხმარებიან. კირბის თქმით, შეერთებული შტატები შესაბამის ნაბიჯებს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამოაცხადებს - როგორც ცნობილია, აღნიშნული გეგმის მიზანია, რომ გაყინული რუსული ფინანსური აქტივები უკრიანამ გამოიყენოს. ჯონ კირბის ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და მისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი ორმხრივ შეხვედრას ჩაატარებენ. „დიდი შვიდეულის“ 50-ე სამიტი 13-15 ივნისს იტალიაში, ბრინდიზში გაიმართება.