აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აღიძრა, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. "სირცხვილიას" წევრს თავს სახლთან დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქტივისტების ინფორმაციით, ბერძენიშვილს სამი პირი ზურგიდან მიეპარა და ფიზიკურად გაუსწორდა. ის ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე უკვე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები. მმართველ გუნდში ამბობენ რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სიძულვილის და ზიზღის კამპანია მიმდინარეობს, რომელშიც ქართული ოცნების თქმით, რადიკალური ძალები არიან ჩართულები. ხელისუფლების ოპონენტები კი აცხადებენ , რომ ეს არის ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობა და ქართული ოცნება ცდილობს ყველა ვინც მათ წინააღმდეგ ხმას ამოიღებს, დააშინოს.