აზერბაიჯანი შესაძლოა, საქართველოსთვის საწვავის ძირითადი მომწოდებელი გახდეს. მიმდინარე თვეში, აზერბაიჯანი ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინის წარმოებას იწყებს. აქამდე, ეკოლოგიური სტანდარტით ქვეყანა მხოლოდ დიზელს აწარმოებდა, შესაბამისად, აზერბაიჯანიდან საქართველოში მხოლოდ დიზელის იმპორტი ხორციელდებოდა. მიუხედავად ამისა, სტატისტიკურად, ჩვენი ქვეყნისთვის აზერბაიჯანი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორების ოთხეულშია. კერძოდ, წელს 4 თვეში, საქართველომ ჯამში 494 176 ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა, საიდანაც 39 845 ტონა აზერბაიჯანული საწვავი იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს 4 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტი 402%-ით არის გაზრდილი. შარშან საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან მხოლოდ 7 922 ტონა საწვავი შემოვიდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბაქოში ქარხნების გადაიარაღება აქტიურ ფაზაში შევიდა (რათა ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინი ეწარმოებინა), ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებდნენ, რომ, „ეს იქნებოდა მაშველი რგოლი საქართველოსთვის, რადგან აზერბაიჯანული საწვავი ევროპაშიც ჩვენი ქვეყნის გავლით მოხვდება. ამასთან, საგულისხმოა ტრანსპორტირების ხარჯის შემცირება, რაც ადგილობრივ ბაზარზეც დადებითად აისახება, ფასების შემცირების თვალსაზრისით.