რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში პოლიტიკური დაპირისპირებაა. ე.წ ოპოზიცია, ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში მუშაობაზე უარს აცხადებს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ყოფილი „პრეზიდენტის“, ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია კენჭისყრის სამართლიანი შედეგების დადგენას ითხოვს. პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ. პარტია „ერთიანმა ოსეთმა“ ე.წ. არჩევნების დროს დაფიქსირებული მასობრივი დარღვევების შესახებ განცხადება უკვე წარადგინა, რომელშიც საუბარია პასპორტების დარიგებასა და ამომრჩეველთა მასობრივი მოსყიდვის შესახებ. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ყველა შედეგი არ გამოუქვეყნებია, მაგრამ ე.წ. ლიდერის, ალან გაგლოევის პარტია „ნიხასმა“ განაცხადა, რომ „პარლამენტში“ მანდატების უმრავლესობას მიიღებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს და აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უხეშად არღვევს.