საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ანგარიში სახელწოდებით „საქართველო: ადამიანის უფლებები „რუსული კანონის“ პირისპირ“ გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა მიმართ სახელმწიფო იყენებს სხვადასხვა რეპრესიულ მეთოდს, მათ შორის, სავარაუდოდ, მათ უზღუდავს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდნენ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, ასევე აიძულებდნენ, სოციალურ ქსელებში მოეწონებინათ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების, კონკრეტულად, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გამოქვეყნებული პოსტები. სხვადასხვა წყაროდან საია-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მუქარის შემცველი ზარები განხორციელდა რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ფილიალების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და რეგიონული მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამასთან, მათი ოჯახების წევრებთან, მათ შორის, არასრულწლოვან შვილებთან.