როიტერის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ეგვიპტესა და ისრაელს ეწვევა, იმ ფონზე, როცა ვაშინგტონი ცდილობს გაზარდოს ზეწოლა „ჰამასსა“ და ისრაელზე, რათა მათ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიონ. გამოცემის ცნობით, ბლინკენი კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტს შეხვდება, შემდეგ კი ისრაელში ჩავა, სადაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან გამართავს შეხვედრას. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 31 მაისს ცეცხლის შეწყვეტის სამეტაპიანი წინადადება წარადგინა, რომელიც საბრძოლი მოქმედებების სამუდამოდ შეწყვეტას, ისრაელელი მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას და ღაზას რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.