გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ისრაელელი სამხედროები დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა. გაერო-ს პრესსპიკერ სტეფან დუჟარიკის თქმით, ამის მიზეზი სამხედროების მიერ ბავშვების მიმართ ჩადენილი დარღვევებია. სიაში ასევე ჩაამატეს „ჰამასი“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადი“. აღნიშნული გადაწყვეტილება გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა ისრაელის მიმართ სიძულვილად შეაფასა. ერდანმა სოციალურ ქსელში მასა და გაერო-ს წარმომადგენელს შორის სიის შესახებ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. ერდანის თქმით, ისრაელს ყველაზე მორალური არმია ჰყავს მსოფლიოში. გაერო-ს ეს ქმედება კი სტიმულს აძლევს ტერორიზმს. თავის მხრივ, ერდანის მიერ სატელეფონო საუბრის ვიდეოს გავრცელებას გამოეხმაურა დუჟარიკი. მისი განცხადებით, ისრაელის წარმომადგენლის ეს ქმედება გამაოგნებელი და მიუღებელია.