რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება გაერო-ს რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ დოკუმენტი ღიად მიკერძოებულია. ოკუპირებული სოხუმი თვლის, რომ რეზოლუციის მიღება აფხაზური მხარის აზრისა და პოზიციის გათვალისწინების გარეშე ხდება. რეზოლუცია რომელიც საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს შეეხება, 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო. რეზოლუციას მხარი 103-მა ქვეყანამ დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი ხმა 9 ქვეყანამ მისცა. ესენი არიან: რუსეთი, სირია, ნიკარაგუა, ზიმბაბვე, ბურუნდი, ბელარუსი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა და მალი.