2024 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.5 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.28 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. „წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 10.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 37 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 4.5 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 2022 წლის თებერვალთან შედარებით კი მშენებლობის ღირებულების ინდექსი 17%-ით არის გაზრდილი.