ღაზის სექტორში საომარი მოქედებები გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელელმა ჯარისკაცებმა სამი ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომლებიც ღაზის სექტორის რაფაჰის ტერიტორიიდან ისრაელში შესვლას ცდილობდნენ. მათივე ინფორმაციით, სამხედროები, რომლებიც ტერიტორიას ამოწმებდნენ, შეხვდნენ შეიარაღებულ პირებს, რომლებმაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. ღაზის სექტორის სამედიცინო სამსახურის განცხადებით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორში, ალ-ნუსეირატში გაერო-ს სკოლის შენობაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 30 პალესტინელი, მათ შორის ხუთი ბავშვი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ, რომ მათმა სამხედრო თვითმფრინავებმა ალ-ნუსეირატში გაერო-ს სკოლას დაარტყეს და აცხადებენ, რომ მას თავს „ჰამასის“ ტერორისტები აფარებდნენ, რომლებიც ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ და უახლოეს მომავალში თავდასხმების განხორციელებას გეგმავდნენ.