ცნობილი ადამიანები და მათი მიღწევები კაცობრიობის ისტორიაში -
უძველესი ფილოსოფოსები და მოაზროვნეები, მეცნიერები და მკვლევარები, რეფორმატორები და პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს კაცობრიობის განვითარებაში, დღემდე აღაფრთოვანებენ და შთააგონებენ მილიონობით ადამიანს.
* უძველესი მოაზროვნეები და მათი რევოლუციური იდეები -
უძველეს ფილოსოფოსთა შორის, ვინც ცივილიზაციის განვითარება განსაზღვრა, ერთ-ერთი გამორჩეული - ანტიკური ხანის მოაზროვნე სოკრატე იყო, რომელმაც ევროპულ ფილოსოფიას ჩაუყარა საფუძველი. მეტიც, სწორედ სოკრატემ ასწავლა ადამიანებს აზროვნება და საკუთარი შეხედულებების გაანალიზება, მისეული დიალოგის მეთოდი კი, დღესაც გამოიყენება ჭეშმარიტების საძიებლად.
რევოლუციონერ ფილოსოფოსად ითვლება სოკრატეს მოსწავლე - პლატონიც, რომელმაც იდეალური სახელმწიფოს თეორია შეიმუშავა, ათენთან ახლოს გახსნილ სკოლას კი, ცნობილი მითოლოგიური გმირის - აკადემოსის პატივსაცემად უწოდა აკადემია. ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარებაში პლატონის მოსწავლემ - არისტოტელემაც, რომელიც თავისივე ეპოქაში იქცა უნივერსალურ გენიოსად, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისი ნაშრომები ფიზიკის, ლოგიკისა და ეთიკის, პოლიტიკისა და ხელოვნების სფეროში დღესაც ერთგვარ სახელმძღვანელოდ გამოიყენება.
* მხედართმთავრები და მათი გამარჯვებები -
გენიალურ მხედართმთავრებს შორის, რომელთა გამარჯვებებმა კაცობრიობის ისტორია შეცვალეს, ერთ-ერთი ალექსანდრე მაკედონელი იყო. 20 წლის მაკედონელმა უზარმაზარი იმპერია გადაიბარა მამისგან მემკვიდრეობით, რომლის საზღვრები საბერძნეთიდან ინდოეთამდე გააფართოვა. გენიოსმა სამხედრო სტრატეგმა ყველა ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა და უძლიერესი იმპერია შექმნა.
ისტორიაში შევიდა კართაგენის მხედართმთავარი, რომის რესპუბლიკის მოსისხლე მტერი ჰანიბალიც, რომელიც მეორე პუნიკური ომის დროს, ალპების დალაშქვრით შეჭრა რომში.
მართალია, რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვების მიუხედავად, საბოლოოდ ჰანიბალი ომში დამარცხდა, მაგრამ ისტორიაში მაინც დაიმკვიდრა უდიდესი მხედართმთავრისა და უნიჭიერესი სტრატეგის სახელი, ლეგენდარულმა იულიუს კეისარმა კი, რომელიც ერთ-ერთი უდიდეს პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწედ, მხედართმთავრად და რეფორმატორად ითვლება, უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია რომის იმპერია.
* მმართველები, რომელთაც იმპერიები შექმნეს -
ისტორიულ ფიგურებს შორის, რომელთაც არა მხოლოდ უძლიერესი სახელმწიფოები შექმნეს, არამედ დიდი ხნით განსაზღვრეს მსოფლიო ისტორიის განვითარება, პირველ რიგში ჩინგიზ-ყაენია აღსანიშნი, რადგან ევროპისა და აზიის ქვეყნების დაპყრობით სწორედ მან შექმნა მონღოლეთის გიგანტური იმპერია და მანვე განავითარა ქვეყნებს შორის სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები, კარლოს დიდმა კი, რომელმაც დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილის საკუთარ მმართველობაში მოქცევით შექმნა ფრანკთა სამეფო, შუასაუკუნეების ევროპულ კულტურას ჩაუყარა საფუძველი.
* მეცნიერები და მათი აღმოჩენები -
უდიდეს მეცნიერებს შორის, რომელთა ნოვატორულმა აღმოჩენებმა კაცობრიობის განვითარება განსაზღვრეს, ერთ-ერთი აღორძინების ეპოქის მათემატიკოსი და ასტრონომი ნიკოლაი კოპერნიკი იყო, რომელმაც პირველმა გაბედა მისსავე ეპოქაში გავრცელებული ცრურწმენების უარყოფა და დაამტკიცა, რომ სამყაროსა და პლანეტების ცენტრი მზე იყო, მის გარშემო ბრუნავდა დედამიწაც და სწორედ ამგვარი აღმოჩენით დაამკვიდრა ჰელიოცენტრულ სისტემის მოდელი.
„სამეცნიერო გადატრიალება“ მოახდინა ისააკ ნიუტონის მიზიდულობის კანონმაც, რომელმაც კლასიკურ მექანიკას ჩაუყარა საფუძველი, მისი „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები“ კი, დიდი ხნით იქცა მეცნიერების სამაგიდო წიგნად.
არ ჩამორჩა წინამორბედებს არც ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური ჩარლზ დარვინი, რომელმაც ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ მოძღვრებით (ევოლუციის თეორიით) გაითქვა სახელი. სწორედ დარვინის კვლევებმა შეცვალა წარმოდგენა ცოცხალი ორგანიზმის ევოლუციაზე, მისი ნაშრომი „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ კი, ნამდვილ რევოლუციად იქცა ბიოლოგიაში.
ფიზიკოს-თეორეტიკოსმა, მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა უდიდეს მეცნიერმა ალბერტ აინშტაინმა კი, არა მხოლოდ ფარდობითობის თეორია შეიმუშავა, არამედ უზარმაზარი წვლილი შეიტანა კვანტური მექანიკის და კოსმოლოგიის განვითარებაში, 1921 წელს კი, ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისა და თეორიულ ფიზიკაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ნობელის პრემიით. სხვათა შორის, მეცნიერთა ნაწილის მტკიცებით, აინშტაინის ტვინის არაორდინალური, იშვიათი სტრუქტურა აუტიზმის მსუბუქი ფორმით იყო განპირობებული.
* მწერლები და მხატვრები, რომელთაც კულტურის განვითარება განსაზღვრეს -
მწერლებს შორის, რომელთა ნამუშევრებმა მსოფლიო საზოგადოება შეძრეს და მილიონობით ადამიანზე მოახდინეს გავლენა, ერთ-ერთი გამორჩეული ჰარიეტ ბიჩერ-სთოუ იყო. მისმა რომანმა „ბიძია თომას ქოხმა“, რომელიც ბესტსელერად და ერთგვარ საზოგადოებრივ ბრალმდებლად იქცა, ამერიკული მონათმფლობელობის მანკიერი სახე ამხილა და მის სამუდამოდ გაუქმებას შეუწყო ხელი.
კუთვნილი ადგილი დაიკავა გენიალურ ავტორებს შორის ინგლისელმა დრამატურგმა და პოეტმა უილიაამ შექსპირმაც, რომლის სონეტები და პიესები „რომეო და ჯულიეტა“, „ჰამლეტი“, „მეფე ლირი“ და მრავალი სხვა საუკუნეების შემდეგაც მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებად ითვლება.
მხატვრები, რომლებიც საკუთარი შემოქმედებით განავითარებდნენ მსოფლიო კულტურას საუკუნეების მანძილზე, დღეს გენიოსებად, მათი ნამუშევრები კი შედევრებად ითვლება.უნიჭიერესი ფერმწერების სიუხვის მიუხედავად, უპირობო ლიდერად მაინც ლეონარდო და ვინჩი ითვლება. უნივერსალური გენიოსი ერთდროულად რამდენიმე სფეროში მოღვაწეობდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისმა შედევრებმა „მონა ლიზამ“ და „საიდუმლო სერობამ“, რომლებიც აღორძინების ეპოქის სიმბოლოდ იქცა, მნიშვნელოვნად გაუსწრეს დროს როგორც ფერწერაში, ისე მეცნიერებაში.
* რეფორმატორები, რომელთაც სამყარო შეცვალეს -
საზოგადოებრივ მოღვაწეებს შორის, რომელთაც ადამიანის უფლებებისა და სოციალური თანასწორობისთვის ბრძოლას მიუძღვნეს მთელი ცხოვრება, ერთ-ერთი გამორჩეული მაჰათმა განდი იყო. მისმა არაძალადობრივმა წინააღმდეგობის ფილოსოფიამ არა მხოლოდ ინდოელებს, არამედ მსოფლიოს ყველა ჩაგრულ ერს შთააგონა კოლონიზატორების დაუმორჩილებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაზე, ისე როგორც მარტინ ლუთერ კინგის მოძრაობამ, რომელმაც სიცოცხლე შესწირა რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას. სწორედ მისმა მშვიდობიანმა აქციებმა აიძულეს ამერიკის მთავრობას სამოქალაქო უფლებების კანონის მიღება და რასობრივ სეგრეგაციაზე უარის თქმა, რამაც სამუდამოდ შეცვალა ამერიკული საზოგადოება.
* მოგზაურები, რომელთაც ახალი მიწები აღმოაჩინეს -
პირველი ევროპელი, ვინც ატლანტის ოკეანე გადაცურა და ამერიკა აღმოაჩინა ქრისტეფორე კოლუმბი იყო. სწორედ მან დაუდო საფუძველი უდიდესი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქას, რომელმაც მნიშვნელოვნად გააფართოვა კაცობრიობის ჰორიზონტი. მასშტაბური ექსპედიცია განახორციელა ინგლისელმა ზღვაოსანმა ჯეიმს კუკმაც, რადგან სამჯერ იმოგზაურა დედამიწის გარშემო და წყნარი ოკეანის მანამდე უცნობი კუნძულები აღმოაჩინა.
* მე-20 საუკუნის პოლიტიკოსები, რომელთაც ისტორია შეცვალეს -
მე-20 საუკუნეში მრავალი პოლიტიკური ლიდერი მოღვაწეობდა, რომელთა გადაწყვეტილებებმა სამყაროს ბედი განსაზღვრეს. ერთ-ერთი გამორჩეული მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი უინსტონ ჩერჩილი იყო, რადგან სწორედ საკუთარი სიმტკიცითა და გამბედაობით გააძლიერა ბრიტანელები მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციზმთან ბრძოლაში.
გავლენიან ლიდერად იქცა ნელსონ მანდელაც, რომელმაც ხანგრძლივი პატიმრობის მიუხედავად, მაინც არ დაიხია უკან და შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა აპართეიდულ რეჟიმს, მისი დამარცხებით კი, სამუდამოდ შეცვალა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ისტორია.
* გამომგონებლები, რომელთაც ცივილიზაცია შეცვალეს -
უდავოა, რომ გენიალური გამომგონებლების გარეშე თანამედროვე სამყარო ვერ იქნებოდა ისე პროგრესული და კომფორტული, როგორიც ის დღესაა. ნოვატორებს შორის თომას ედისონი ლიდერობს, რომელმაც 100-ზე მეტ გამოგონებაზე მიიღო პატენტი - ფონოგრაფის, კინოკამერის და ელექტრონათურის ჩათვლით. სწორედ ედისონმა „გაანათა“ მილიონობით ადამიანის სახლი და ჩაუყარა საფუძველი კინოსა და ხმის ჩაწერის ტექნოლოგიებს.
არანაკლები წვლილი შეიტანა ცივილიზაციის განვითარებაში ტელეფონის გამომგონებელმა ალექსანდერ გრეიამ ბელმა, რომელმაც კომუნიკაციის სრულიად ახალი ფორმა შესთავაზა ადამიანებს, ჰერნი ფორდმა კი, კონვეიერული წარმოება დანერგა, Ford-ის ახალი - Model T შექმნა და ავტომობილი ყველასთვის ხელმისაწვდომ სატრანსპორტო საშუალებად აქცია.
თანამედროვე ნოვატორებს შორის ნამდვილი რევოლუცია მოახდინა ჯეფ ბოზესმა, რომლის Amazon-მა სამუდამოდ შეცვალა ვაჭრობის სფერო, Blue Origin-ის რაკეტებმა კი, საფუძველი დაუდეს კოსმოსის ათვისების ახალ ერას.
* ქალები, რომელთაც მეცნიერებაში მიაღწიეს წარმატებას -
მამაკაცების დომინირებისა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების მიუხედავად, ქალბატონებმა მაინც შეძლეს საკუთარი წვლილის შეტანა მეცნიერების განვითარებაში და სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი გენიოსი მამაკაცების გვერდით. ერთ-ერთი, ვინც თამამად გაუწია კონკურენცია ძლიერი სქესის წარმომადგენლებს - მარი სკლოდოვსკა-კიური იყო, რომელიც არა მხოლოდ პირველი ნობელიანტი ქალი გახდა, არამედ ნობელის პრემიის ერთადერთი მფლობელია, ვინც ორ სხვადასხვა დარგში - ქიმიასა და ფიზიკაში მიიღო პრესტიჟული ჯილდო.
ბევრად ადრე გამოიჩინა თავი ადა ლავლეისმა, რომელმაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შეიმუშავა კომპიუტერული პროგრამირების კონცეფცია, ერთგვარად იწინასწარმეტყველა კომპიუტერული ერის განვითარება და სამართლიანად დაიმკვიდრა პირველი პროგრამისტის სახელი.
* რეჟისორები, რომელთაც შედევრები შექმნეს -
ჩარლი ჩაპლინი ერთ-ერთია იმ უდიდეს ნოვატორებს შორის, რომელთა შედევრებმა მსოფლიო კინემატოგრაფიის ოქროს ფონდი შექმნეს, რადგან პერფექციონისტი რეჟისორი, სცენარსაც თავად ქმნიდა საკუთარი ფილმებისთვის და მუსიკასაც, ოპერატორის ფუნქციასაც ითავსებდა და მემონტაჟისაც, ყველა დეტალს მაქსიმალური სიზუსტით ამუშავებდა და იდეალურ გამოსახულებას ქმნიდა ეკრანზე.
მსოფლიო კინოს ლეგენდად ითვლება კიდევ ერთი ბრიტანო-ამერიკელი რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი - ფილმების „ფსიქოს“ და „ჩიტების“ ავტორი, რომელმაც არა მხოლოდ ჰორორის ჟანრი აქცია ნამდვილ ხელოვნებად, არამედ მოულოდნელობის ეფექტზე უარის თქმით, სრულიად ახალი - „სასპენსის“ ჟანრი დაამკვიდრა, რომელიც ატმოსფეროს განზრახ დაძაბვისა და ერთგვარი იდუმალების შექმნით, ყოველთვის განსაკუთრებულ დრამატიზმს მატებს ეკრანზე მიმდინარე მოქმედებას.
* ვარსკვლავები, რომლებიც მილიონობით თაყვანისმცემელთა კერპებად იქცნენ -
მილიონობით თაყვანისმცემლის კერპებად ქცეულ მსახიობებს შორის ერთ-ერთი მერი პიკფორდი იყო, რომელმაც პირველმა შეიძინა ვარსკვლავის სტატუსი. მუნჯი კინოს მსახიობი მეტწილად ახალგაზრდა გოგონებს განასახიერებდა და სწორედ მათი როლებით გაითქვა სახელი მთელ მსოფლიოში.
თუმცა, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ პიკფორდი მერლინ მონრომ დაჯაბნა, რომელმაც საბედისწერო ქალის განსახიერებით მოიპოვა კინოდივას, ჰოლივუდის პირველი სექს-სიმბოლოს სტატუსი და თითქმის 50 წლის შემდეგაც შეინარჩუნა, რადგან დღესაც მსოფლიო კინოს ისტორიის ყველაზე ცნობად სახედ ითვლება.