* მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ჯაზ-მუსიკოსები -
არტ ტეიტუმი, თელონიუს მონკი, ჩარლზ მინგუსი და სხვები - სწორედ სხვადასხვა ეპოქისა და განსხვავებული სტილის უდიდესმა კომპოზიტორებმა და ბრწყინვალე ინსტრუმენტალისტებმა შექმნეს ჯაზის ის განუმეორებელი ჟღერადობა, რომელიც მუსიკის არცერთ სხვა ჟანრს არ ჰგავს.
* არტ ტეიტუმი -
ვირტუოზმა პიანისტმა არტ ტეიტუმმა, რომელიც პრაქტიკულად უსინათლო იყო, არა უბრალოდ გაზარდა ფორტეპიანოს, როგორც ინსტრუმენტის მნიშვნელობა ჯაზ-ბენდის შემადგენლობაში, არამედ ყველა დროის საუკეთესო პიანისტის ტიტულიც დაიმსახურა. დაკვრის ინდივიდუალური მანერის ფორმირებისას, უბადლო იმპროვიზატორმა ტეიტუმმა სტაიდის სტილს მიმართა, რომელიც მოგვიანებით სვინგის რიტმებით გაამდიდრა.
თამამი ექსპერიმენტებით მელოდიის ჰარმონიასა და აკორდის სტრუქტურაზე, ტეიტუმმა ბიბპოპის სტილს ჩაუყარა საფუძველი, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ მოიპოვა პოპულარობა. აღსანიშნავია ტეიტუმის დაკვრის უნიკალური ტექნიკაც, მუსიკოსი იმდენად სწრაფად და მარტივად ასრულებდა ურთულეს პასაჟებს, თითქოს საერთოდ არ ეხებოდა კლავიშებს.
* თელონიუს მონკი -
პიანისტი და კომპოზიტორი თელონიუს მონკი, რომლის რეპერტუარმა განსხვავებული სირთულისა და ჟღერადობის ნაწარმოებებს მოუყარა თავი, 1940-იანი წლების ამერიკული ჯაზის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის შემოქმედებამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ბიბპოპის განვითარება. ექსცენტრიკული მონკისთვის ყოველთვის მიუღებელი იყო ჯაზის მკაცრად განსაზღვრულ წესები, ამიტომ სწორედ იმპროვიზაციის წყალობით ჩამოაყალიბა კომპოზიციების შექმნისა და მათი შესრულების მანერა.
მონკის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორისაა Epistrophy, Blue Monk, Straight, No Chaser, I Mean You და Well, You Needn’t, რომლებიც ნოვატორული იმპროვიზაციითა და ხანგრძლივი პაუზებითაც გამოირჩევა, რადგან კონცერტის დროს მუსიკოსს, რომელიც მწვავე შიზოფრენიით იტანჯებოდა, ხშირად ავიწყდებოდა სად იმყოფებოდა, ამიტომ ყველასთვის მოულოდნელად წყვეტდა დაკვრას და იწყებდა ცეკვას, მაშინ როცა ბენდის წევრები აგრძელებდნენ მუზიცირებას.
* ჩარლზ მინგუსი -
კონტრაბასის ვირტუოზმა, კომპოზიტორმა და ბენდის ლიდერმა ჩარლზ მინგუსმა, რომელიც ჯაზის ერთ-ერთ ყველაზე არაორდინალურ წარმომადგენლად ითვლება, გოსპელის, ჰარდ-ბოპის, ფრი-ჯაზისა და კლასიკური მუსიკის ელემენტების გაერთიანებით შექმნა სრულიად ახალი მუსიკალური მიმდინარეობა.
მასიური ჯაზ-ანსამბლებისთვის ნაწარმოებების შექმნის ფანტასტიკური უნარის წყალობით, თანამედროვეები მინგუსს „დიუკ ელინგტონის მემკვიდრეს“ უწოდებდნენ. მეტიც, მუსიკოსი ყოველთვის გულდასმით არჩევდა მუსიკალურ პარტნიორებსა და ბენდის წევრებს, რომლებიც არაფრით ჩამორჩებოდნენ თავად მინგუსს და უნიკალური საშემსრულებლო სტილის წყალობით დემონსტრირებდნენ საკუთარ ოსტატობას.
* დიზი გილესპი -
დიზი გილესპიმ, რომელიც არა მხოლოდ ქმნიდა ბრწყინვალე კომპოზიციებს, არამედ თავადვე ასრულებდა საყვირზე, აღიარება მოდერნ-ჯაზის პოპულარობის პერიოდში მოიპოვა. მეტიც, სწორედ შესრულების მისეულმა მანერამ განსაზღვრა მაილს დევისის, კლიფორდ ბრაუნისა და ფესტ ნავაროს დაკვრის სტილი.
კუბაზე ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, ამერიკაში დაბრუნებული გილესპი ერთ-ერთი გახდა იმ მუსიკოსებს შორის, ვინც აქტიურად შეუდგა აფრო-კუბური ჯაზის პოპულარიზაციას. თვითმყოფად საშემსრულებლო მანერასთან ერთად მუსიკოსის სავიზიტო ბარათად რქოვან ჩარჩოში ჩასმული სათვალე და უზარმაზარი ლოყები იქცა, რომელიც უჩვეულოდ ებერებოდა საყვირზე დაკვრის დროს.
არტ ტეიტუმის მსგავსად, გილესპიმაც საკუთარი ინოვაციებით გაამდიდრა ჯაზური ჰარმონია, რაც განსაკუთრებით კომპოზიციებში Salt Peanuts და Goovin’ High გამოვლინდა. მეტიც, ნაწარმოებები, რომლებიც რიტმულობითა და ჟღერადობით რადიკალურად განსხვავდებოდა წინა ნამუშევრებისგან, დღეს ჯაზის კლასიკად ითვლება.
* ჯონ კოლტრეინი -
უნიკალურმა საქსოფონისტმა ჯონ კოტრეინმა პირველ რიგში დაკვრის ვირტუოზული ტექნიკისა და მუსიკალური აღმოჩენებით მოიპოვა პოპულარობა. მუსიკოსმა, რომელიც მეტწილად ჰარდ-ბოპის ჟანრში მუზიცირებდა კოლოსალურ წარმატებას მიაღწია და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საქსოფონისტის სახელი დაიმკვიდრა მსოფლიო მუსიკის ისტორიაში.
კოლტრეინი, რომლის კომპოზიციები ყოველთვის უნიკალური ჟღერადობით, დაკვრა კი, მაღალი ინტენსივობით გამოირჩეოდა, ერთნაირად წარმატებით მუშაობდა როგორც ბენდში, ისე დამოუკიდებლად, მით უფრო, რომ ყოველთვის უნიკალურ სოლო პარტიებს სთავაზობდა პუბლიკას. სმუს-ჯაზის სტილში შექმნილ ნაწარმოებებს განსაკუთრებული კოლორიტი მუსიკოსმა ტენორ- და სოპრანო საქსოფონის წყალობით შესძინა, რომელთაც მეტწილად ანიჭებდა უპირატესობას.
კოლეგებს შორის ერთ-ერთმა ყველაზე ნაყოფიერმა მუსიკოსმა საკუთარი ავტორობით შექმნილი კომპოზიციების 50-ზე მეტი ნაკრები გამოუშვა და მუდმივად ჯაზის ავანგარდში მყოფმა სწორედ საკუთარი ნამუშევრების წყალობით შესძინა ბიბპოპს ახალი ჟღერადობა, რომელსაც კრიტიკოსებმა „ჟანრის დროული და აუცილებელი გადატვირთვა“ უწოდეს.
* ქაუნთ ბეისი -
„რევოლუციონერმა“ პიანისტმა, ორღანისტმა და კოპოზიტორმა, „გრემის“ ცხრა პრემიის მფლობელმა ქაუნთ ბეისიმ, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ორკესტრი შექმნა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. 50 წლის მანძილზე Count Basie Orchestra-მ ისეთ ბრწყინვალე მუსიკოსებს მოუყარა თავი, როგორებიც ლესტერ იანგი, სტივენს ედისონი, ბაკ კლეიტონი და ჯო უილიამსი იყვნენ, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ წლების მანძილზე ითვლებოდა ამერიკის ყველაზე მოთხოვნად ბენდად.
პოპულარული კომპოზიციების April in Paris-სა და One O’Clock Jump-ის ჩათვლით, ბეისის რამდენიმე ათეული ნამუშევარი იქცა ჯაზის სტანდარტად, რომელთაც უზარმაზარი გავლენა მოახდინეს ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებაზე.