უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩის” ანგარიშშის თანახმად, ისრაელმა სამხრეთ ლიბანში, სულ მცირე, ხუთ ქალაქსა და სოფელში, საცხოვრებელ სახლებზე თეთრი ფოსფორის ცეცხლგამჩენი ჭურვები გამოიყენა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ საერთაშორისო კანონმდებლობით დასახლებულ ადგილებში აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენება დანაშაულია. ანგარიში კონფლიქტით დაზარალებულ სამხრეთ ლიბანში მცხოვრებ რვა ადამინთან ინტერვიუს და თითქმის 47 ფოტო-ვიდეო მასალიდან გადამოწმებულ გეოლოკაციურ გამოსახულებას მოიცავს, რომელიც თეთრი ფოსფორის ჭურვების გამოყენებას ასახავს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თეთრი ფოსფორის ზემოქმედების შემდეგ, სამედიცინო დახმარება სულ მცირე, 173 ადამიანს დასჭირდა. ისრაელში ამტკიცებენ, რომ თეთრ ფოსფორს მხოლოდ კვამლის ფარდის შესაქმნელად და არა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაზიანებლად იყენებენ. პარალელურად, მედიის ინფორმაციით, ლიბანის საზღვართან დაძაბულობის ზრდის ფონზე ისრაელის ხელისუფლება რეზერვისტების რაოდენობას 50 000-ით ზრდის.