ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი პროცესი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. რაც შეეხება საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდას, 5 ივლისს ჩატარდება. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ. წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900 - ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.