აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენასა და „მეგობარი აქტის“ განხილვას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ საზოგადოებამ კონგრესმენების მხრიდან „რევოლუციის დაანონსება, საქართველოს ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა და ქვეყნის განადგურების სურვილი იხილა“. „ოცნებაში“ ამბობენ, რომ კონგრესში „ქართველი“ სერგო ორჯონიკიძეები ჩვენებას საქართველოს წინააღმდეგ აძლევდნენ. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ხელისუფლების ოპონტებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, აშშ-ის კონგრესში მეგობარი აქტის განხილვა მნიშვნელოვანია და ის ცხადყოფს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ღია მხარდაჭერას იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის გზიდან არ გადაუხვიოს. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ კონგრესში გამართულმა მოსმენამ, შესაძლოა, სანქციების პროცესი დააჩქაროს, რაც ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგს შეცვლის.