აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოს შესახებ ისაუბრა - მისი განცხადებით, აშშ-მა მეტი უნდა გააკეთოს, რათა ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები შეასრულოს - უილსონის შეფასებით, „MEGOBARI Act“-ი სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს გადასცემს ვიზის აკრძალვებისა და ფინანსური სანქციების გამოცხადებისთვის მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას. აშშ-ის კონგრესში, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში ჩატარებულ მოსმენაზე სიტყვით გამოვიდნენ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი, ნატალი საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი, უილიამ კორტნი. „ჰელსინკის კომისიამ“, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს, ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე დაარეგისტრირა „MEGOBARI აქტი”. ის მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ და მათი დარღვევისთვის სანქციებსაც ითვალისწინებს.