ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო რეზოლუცია – „ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. აღნიშნულ რეზოლუციას 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს.