"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პარტიის ოფისზე თავდასხმის ღამეს გადაღებულ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერს ავრცელებს და აცხადებს, რომ თავდამსხმელებმა ტერიტორია 10-მდე ავტომობილით დატოვეს და ისინი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააცილა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, შემთხვევიდან რამდენიმე დღეა გასული, თუმცა პოლიციას არცერთი პირი არ დაუკავებია. ნაციონალური მოძრაობის ოფისზე მომხდარ თავდასხმაზე, პარტიის ლიდერებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთანაც ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება ე.წ. გამჭვირვალობის კანონზე, მოქალაქეთა დაშინების მცდელობებსა და წინასაარჩევნო პერიოდზე გამახვილდა. შეგახსენებთ, რომ ენმ-ის ცენტრალურ ოფისს რამდენიმე ადამიანი 1 ივნისის ღამეს დაესხა თავს. ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს პარტიის ინვენტარი. ხის ჯოხებითა და ქვებით შეიარაღებული მოძალადეები ოფისში შეჭრასაც ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. თავდასხმის დროს შენობაში თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.